ამორტიზებული ქათმების რეალიზაციის პრობლემაა, – ამის შესახებ „კუმისის“ დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, კვერცხის მადებარი ქათმის რენტაბელობა არის 1.5-2 წელი. ყოველ 2 წელში ქათამი უნდა გამოიცვალოს, რათა წარმოება ციკლურად არ შეჩერდეს. სწორედ აღნიშნული შეცვლილი ქათმის მეორადად რეალიზება უჭირთ.
„3-4 წლის განმავლობაში აქტიურად და ნორმალური გრაფიკით აზერბაიჯანში ვახორციელებდით მათ ექსპორტს. მას იქ იყენებდნენ სოსისების და ძეხვის წარმოებაში. ახლა აქტიურად ვერ ვყიდით. გვაქვს შეფერხებები. აქაური ძეხვის და სოსისის მწარმოებელი არ ინტერესდება. საქართველოში კი იმდენად ბევრია ამორტიზებული ქათამი, რომ მისი მეორადად გამოყენება შეიძლება“, – განმარტა გოგიტა მაისურაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კვერცხის დიდი მწარმოებლები განიხილავენ ერთობლივი საწარმოს გახსნასაც, სადაც ამორტიზებული ქათმისგან ძაღლების და კატების საკვები პროდუქტის დამზადებას შეძლებენ.
„ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანაც ვისაუბრეთ ძვალ-ხორცის ფქვილის წარმოებაზე, რომელიც ძაღლების და კატების საჭმელად გამოიყენება. ამისთვის ძირითადად იყენებენ მეცხოველეობის ანარჩენებს. ეს ძალიან საინტერესო პროექტია და ვფიქრობთ, რომ მივალთ იქამდე, რომ მწარმოებლები საერთო საწარმოს გავაკეთებთ, რომელშიც გამოვიყენებთ მეორად გამოწუნებულ ქათამს. შესაძლებელია, რომ ამ პროექტის ღირებულება იმდენად დიდი იყოს რომ 2-3-მა საწარმომ გავაკეთოთ. ჩვენ ამაზე გვქონია საუბარი“, – აღნიშნა „კუმისის“ დირექტორმა და დასძინა, რომ ახლა აღდგომის ჩავლას ელიან და ზაფხულში ამ გეგმის დეტალების გავლას აპირებენ.
ცნობისთვის, “კუმისის” კვერცხის საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში მდებარეობს. გასულ წელს კომპანიამ 85 მლნ კვერცხი აწარმოა.
