ამორი: ახალი სავიზო მექანიზმით, ჩამოიწერება პირების სია, რომლებსაც EU-ში შესვლა აეკრძალებათ

ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი სავიზო რეჟიმის მიხედვით, რომელსაც ევროპარლამენტმა მხარი გასულ კვირას დაუჭირა, შესაძლებელი იქნება, ევროკავშირმა ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვები დააწესოს.
მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება დასანქცირებული ადამიანის ოჯახის წევრზეც.
“რეალური პროგრესი, რომლის მიღწევის წინაშეც ჩვენ ვართ, არის ისეთი სავიზო რეჟიმის მიღება, რა შემთხვევშიც შესაძლებელი გახდება ჩამოვთვალოთ ადამიანები და არა განვსაზღვროთ მაგალითად, პასპორტის სახეობები ან ფერები. ანუ ჩამოთვლილი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას ევროპარლამენტში მხარი დავუჭირეთ, ამ მექანიზმის საბოლოო მიღებამდე ბევრი აღარ დარჩა.
ეს არის გზა, რომ გვერდი ავუაროთ ვეტოს ევროპულ საბჭოში, რადგანაც ახლა გადაწყეტილება ევროკომისიის ხელშია. მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმენით, საშუალებას აძლევს კომისიას თვითონ გამოყოს გამონაკლისი შემთხვევები სავიზო რეჟიმში. ეს არის ახალი ჩარჩო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კიდევ ათეულობით ქვეყნისთვის. კერძოდ, ამ მექანიზმის მიხედვით, გამონაკლისი იმუშავებს 3 წლის განმავლობაში.
ვიმეორებ, ამ მექანიზმით, შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომლებსაც ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზა აღარ მიეცემათ. აღარ იმუშავებს ორი პასპორტის ქონის ხერხი, ასევე არ იქნება გამონაკლისები ოჯახის წევრებზე.
მაგალითად, ვხედავთ რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი კლეფტოკრატის ცოლის ფოტოს, რომელის პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფება – ამ ხალხისთვის ეს აღარ მოხდება. პარლამენტში ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია ამ მექანიზმს ბრძნულად გამოიყენებს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
კერძოდ, მან გააკრიტიკა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსისა განცხადება, რომელშიც მათ საქართველოში “ორივე მხარეს” სიმშვიდისკენ მოუწოდეს.
ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს “ორი მხარე”, არამედ რეპრესიული რეჟიმი, რომელიც დევნის დამოუკიდებელ აზრს.
“რას ნიშნავს “ორივე მხარე”? [საქართველოში] არის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რომელიც უკვე 1 წელია მიმდინარეობს… არ არსებობს „ორივე მხარე“. არსებობს რეჟიმი, რომელიც თანდათანობით ახშობს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და განვაგრძოთ [საქართველოს მთავრობასთან] კონტაქტის არქონის პოლიტიკა. ჩვენ ასევე უნდა შევეცადოთ, სამოქალაქო საზოგადოებას ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ”, – თქვა მან.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი 7 ოქტომბერს დაუჭირა.