ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ – ენმ-ის და „ქართული ოცნების“ ურთიერთბრალდებები ზუგდიდში

პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ადანაშაულებს ზუგდიდში პარლამენტის ს გაყალბების მცდელობებში. ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მათი ოპონენტები ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ და მათზე ზემოქმედებას ცდილობენ.
ამ თემაზე თავდაპირველად ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში გაიმართა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რათა მათ 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ.
დეპუტატის მტკიცებით, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. წითლიძის თქმით, მებონია მმართველი პარტიის დავალებით, ოპოზიციის მხარდამჭერ ჰესის თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს. გარდა ამისა, როგორც დეპუტატი ირწმუნება, „ენგურჰესის“ ადმინისტრაცია „რუს ოკუპანტებთან“ მოლაპარაკებებშიცაა ჩართული, რათა 24, 25 და 26 ოქტომბერს აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი ჩაიკეტოს. ენმ-ის წევრის თქმით, ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ხმის მიცემის უფლება წაართვას მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო დან დევნილებს.
ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქვს ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, რაც მედიისთვის არ წარუდგენია. თუმცა მან განმარტა, რომ მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონში მომუშავე ყველა სადამკვირვებლო მისიას გადასცა.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ ავალებს ლევან მებონია ენგურჰესის თანამშრომლებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას, ასევე, გვაქვს მტკიცებულებები და უკვე გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არის რეგიონში, როგორ აწარმოებს ლევან მებონია მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან.
მინდა მივმართო ლევან მებონიას – პირველი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებთ და რა დავალებები გაქვთ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯის შესახებ იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ შეგრჩებათ არცერთი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომ მოგვაწოდონ დამატებითი მტკიცებულებები მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეულ ადამიანს ლევან მებონიას უკანონო ბრძანებებისგან“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მსგავსი ბრალდებები წაუყენა მან ლევან მებონიას 2021 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. როგორც მაშინ, ამჯერადაც „ენგურჰესის“ ადმინისტრაცია ოპოზიციონერ დეპუტატს განცხადებით გამოეხმაურა.
ჰესის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ანა წითლიძის „ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკა“ არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია და მიზნად ისახავს ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციას.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს.
რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას – ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰესის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ „შემდეგში მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს“.
თემას დღესვე ბრიფინგით გამოეხმაურნენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ მამუკა წოწერიას განცხადებით, ენმ-ის წარმომადგენლები თავად ცდილობენ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვან და ეს ქმედება 200 ლარს სანაცვლოდ მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ გადააბრალებინონ. როგორც წოწერია ირწმუნება, ენმ-ის წევრებმა მსგავსი სქემით მუშაობა სცადეს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, ასევე სოფელ რიყეში, ყულიშკარსა და ჯიხაშკარში:
„ენმ-ის წარმომადგენლები ინტენსიურად უკავშირდებიან მოქალაქეებს, როგორც სოფელში, ისე ქალაქში. ახდენენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევას და სთავაზობენ, რომ 200 ლარის სანაცვლოდ ეს ქმედება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გადააბრალონ. გარდა ამისა საარჩევნო კამპანიაში უკვე ჩართეს ყოფილი ხელისუფლების ზონდერჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც არჩევნების დღეს და წინასაარჩევნოდ აქვთ კონკრეტული დავალებები. ვასახელებთ პირებს რომლებიც პირადობის მოწმობების და პასპორტების ჩამორთმევის პროცესში არიან ჩართულნი. ესენი არიან ენმ-ის წევრები: დავით ფიფია, მამუკა გოგია, გაგა ჯალაღონია და დავით ვეკუა“, – თქვა მამუკა წოწერიამ.
მისი მტკიცებითვე, ენმ-ის მიზანია შექმნას შთაბეჭდილება თითქოს სამეგრელოში წინასაარჩევნო პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად „ქართული ოცნებაც“ მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლოს მსგავსი დარღვევების ფაქტები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
ფორუმი