„ამოიოხრა და აღარ იყო უკვე მარიკა…“ – რას ჰყვება სასტიკი მკვლელობის ოქროს მოწმე

მამაკაცმა ბიძაშვილი გოგო ელექტროშოკით აწამა, ცომის საბრტყელებლით სცემა, შემდეგ კი გაგუდა! მოკლული 36 წლის მარიკა ბუთხუზია. დამნაშავე 42 წლის თეიმურაზ ბუთხუზი, რომლის სახლშიც მსხვერპლი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა! მასალა, რომელიც “კურიერი P.S.მა” მოიპოვა, იმდენად მძიმეა, რომ გირჩევთ, ბავშვები ეკრანებს მოარიდოთ.
თვითმხილველი მოწმე წამებით მოკლული 36 წლის მარიკა ბუთხუზის სიცოცხლის ბოლო წუთებს აღწერს. ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ბიძაშვილმა, თეიმურაზ ბუთხუზმა მოკლა. მანამდე, დამნაშავე მსხვერპლის სახლში რამდენიმე თვე ცხოვრობდა.
2023 წლის 28 აპრილი, თბილისი, ჰუალინგის დასახლება – მარიკა ბუთხუზის სახლში მის ბიძაშვილს მეგობარი ქალი აჰყავს. ნათესავები სტუმართან ერთად ვახშმობენ. ვახშმის შემდეგ, ნასვამი თემურ ბუთხუზი მარიკას მკაცრი ტონით ეუბნება, რომ საძინებელში შევიდეს და დაიძინოს. სახლის მეპატრონე საბედისწერო უარს ამბობს – ამის შემდეგ იწყება მისი ჯერ ხელით, შემდეგ კი, სხვადასხვა საგნით, რამდენიმესაათიანი ცემა და წამება. სტუმარი დახმარებას ცდილობს, თუმცა მოძალადე მასაც მკვლელობით ემუქრება.
42 წლის კაცი ბიძაშვილს 9 საათი აწამებდა და თან, სისხლიან სახეზე ფოტოებს უღებდა. ფოტო, რომელიც “კურიერი P.S.-მა” საქმის მასალებიდან სხვა უმძიმეს კადრებთან ერთად მოიპოვა, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს. კადრი მკვლელის ტელეფონიდან ამოიღეს.
„სანამ მოკვდებოდა, გააწმენდინა თემომ სისხლები. მარიკა ისეთი გათიშული იყო, არ ახსოვდა, ტილო სად იყო. მიგაყოლებ მაგასო, ხმა ვერ ამოვიღე. ჩემკენაც გამოიწია შოკით. მე სიარული არ შემეძლო, გიფსში და რკინებში ვიყავი. მერე დაბლა რომ დააგდო, ფეხი დაადგა აი, აქ [ყელში] და მოკვდი, მოკვდის ეუბნებოდა. ძალით დაახრჩო, ამოიოხრა და აღარ იყო უკვე მარიკა“, – იხსენებს მთავარი მოწმე.
ამის შემდეგ მკვლელი სისხლიან ტანსაცმელს პოლიეთილენის პარკში დებს და სახლიდან გააქვს. მთავარ მტკიცებულებებს ნაგვის ყუთში ყრის, ავიწყდება, რომ ირგვლივ სათვალთვალო კამერებია. თეიმურაზ ბუთხუზი სახლში ბრუნდება. ამ დროს, ნაწამები ქალი, სავარაუდოდ, უკვე მოკლულია. დამნაშავე 112-ში რეკავს და იტყუება, რომ დახმარება სჭირდება ქალს, რომელსაც გულის შეტევა აქვს.
ამ ზარიდან დაახლოებით 20 წუთში, მისამართზე სასწრაფო დახმარება მიდის. ექიმებს ახალგაზრდა ქალი სხეულზე არაერთი დაზიანებით, გარდაცვლილი ხვდებათ. სასწრაფო დახმარების ჯგუფი სავარაუდო დანაშაულის შესახებ, პოლიციას ატყობინებს.
ადგილზე პოლიციას შემზარავი სურათი დახვდა – დასახიჩრებული ქალის ცხედარი, თითქმის ყველა ოთახში სისხლის კვალი და წამების იარაღი – ელექტროშოკი. მალევე მიაგნეს ნაგვის ყუთში გადაყრილ მტკიცებულებებს.
დამნაშავე და თვითმხილველი გამთენიისას გამომკითხეს. იზოლდა ფარჯიანმა მეგობარი მამაკაცის მამხილებელი ჩვენება მისცა. თეიმურაზ ბუთხუზმა ყველაფერი უარყო, თუმცა გამოძიებამ მას ბორკილები პოლიციის განყოფილებაში დაადო – გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით.
გამოძიების დროს გაირკვა, რომ მარიკა ბუთხუზს ბიძაშვილი ხშირად სცემდა, უღებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და აკონტროლებდა მის ყველა ნაბიჯს. შეშინებულ ქალს რამდენიმეთვიანი ძალადობის ფაქტებზე არავისთვის არაფერი უთქვამს. “კურიერი P.S.-მა” გაარკვია, რომ ბრალდებულის ტელეფონიდან ქალზე ძალადობის დამადასტურებელი ასამდე ფოტო- და ვიდეოფაილი ამოიღეს.
მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ბედი ნაფიც მსაჯულებს მას შემდეგ მიანდო, რაც პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს გაეცნო. გამამართლებელ ვერდიქტს ელოდა, თუმცა იმედები გაუცრუვდა. მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. თეიმურაზ ბუთხუზი სხდომებზე დუმილის უფლებას იყენებდა. ერთ-ერთ პროცესზე გააღიზიანა მთავარი მოწმის, თავისი მეგობარი ქალის მამხილებელმა ჩვენებამ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი ადვოკატი მსჯავრდადებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. დამცველმა ისრები მთავარი მოწმისკენ მიმართა, რომელიც, მისი თქმით, მოკლულ ქალზე ეჭვიანობდა.
ის, რომ მკვლელობა თეიმურაზ ბუთხუზმა ჩაიდინა, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება – ასე ამბობს საქმის პროკურორი, რომელმაც ნაფიც მსაჯულებს მოპოვებული მტკიცებულებები გააცნო.
“მსაჯულებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე. ამ საქმეზე შერჩეული ნაფიცები, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ წარადგინა, ყველა მტკიცებულება ცალსახად დარწმუნდნენ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ჩადენილი ეს დანაშაული. აბსოლუტურად სწორი შეფასება მისცა საზოგადოებამ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ვერდიქტი, რომელიც მათ ერთსულოვნად გამოიტანეს, ბუნებრივია, მოსამართლემ გაიზიარა და ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი, უვადო მიუსაჯა, რაც იყო სამართლიანი, რადგან ეს მკვლელობა იყო გამორჩეული მისი სისასტიკით და სასჯელი იყო ადეკვატური”, – აცხადებს პროკურორი, ირაკლი ქარდავა.
უვადო მსჯავრდადებული კი, სასჯელის შემსუბუქებას ახლა სააპელაციო სასამართლოსგან ელოდება.
მარიკა ბუთხუზს მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მოკლულის ოჯახს კი ერთი იმედი – რომ მკვლელისთვის თავისუფლების კარს სააპელაციო სასამართლოც სამუდამოდ დახურავს.
ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც კოსტა სანიკიძეს დაესხა თავს
„მეხუთე ჭრილობა, სამწუხაროდ, იყო ფილტვის მიდამოში…“ – რას ამბობს მერსი კოსტა სანიკიძის მდგომარეობაზე
ასტროლოგებმა 2023 წლის დეკემბრისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი დაასახელეს, რა დროსაც გვირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ