“ამიშენეთ ხიდი, რომ ნაკვეთამდე მივიდე” – სოფელ ბრეთში მოქალაქე ჩივის

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში მოქალაქე ჩივის, რომ ახალი სარწყავი არხის მოწყობის შემდეგ საკუთარ ნაკვეთამდე ვეღარ მიდის.
მან ხაშურის სასამართლოს სარჩელით მიმართა და ითხოვს, რომ მელიორაციის სამსახურმა არხის გადასალახავად საფეხმავლო და სამანქანე ხიდი ააშენოს.
მელიორაციის სამსახურმა უარი განუცხადა, იმ მოტივით, რომ გადასასვლელი ხიდის მოწყობა არხის გაწმენდით სამუშაოებს ხელს შეუშლის.
„მოქალაქემ ახლახან შეიძინა მიწის ნაკვეთი და ითხოვს, რომ მისასვლელი ხიდი ჰქონდეს. ჩვენ უარი განვუცხადეთ და დასაბუთებული პასუხი მზად გვაქვს. ამ მტკიცებულებებს წარვადგენთ სასამართლოში. თუ სასამართლო დაგვავალდებულებს, კი ბატონო, ავაშენებთ,“ — გვითხრეს მელიორაციის შიდა ქართლის სამსახურში.
სამსახურის განმარტებით, ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან გასასვლელი გზა გააჩნია, თუმცა მოქალაქის თქმით, აღნიშნული გზა ვიწროა და ტექნიკის მოძრაობა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში შეუძლებელია.
სასამართლო პროცესი 20 ნოემბერსაა ჩანიშნული.
ცნობისათვის, ქარელის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი არხის მოწყობის, 24 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.