ამინდის გაუარესების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ისევ დაკეტეს

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, ორშაბათს საღამოს ისევ დაკეტეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მთაში გადაუღებლად თოვს, რაც ზვავსაშიშროებას ქმნის, გზაც მოყინულია. ცენტრალურ მაგისტრალზე კი ასეთ პირობებში გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამჟამად როკის გვირაბისკენ გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია.
დე ფაქტო უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის მოხდება გზის გახსნა, მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. ოკუპირებულ ჯავის რაიონში მეოთხე კვირაა გარესამყაროს არის მოწყვეტილი სოფელი კოზი.
ადგილობრივი კომუნალური სამსახურის თანამშრომლები გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლისკენ გზის გაწმენდას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი დიდთოვლობა და გაუმართავი ტექნიკაა. ოსურ მედიაში სოფელ კოზის გზის ჩაკეტვის შესახებ პირველი ინფორმაცია იანვრის შუა რიცხვებში გაჩნდა. დაბა კვაისას კომუნალური სამსახურის უფროსი მაშინ ირწმუნებოდა, რომ გზას რამდენიმე დღეში გაწმენდდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც პროდუქტების დეფიციტი ქონდა, დაეხმარებოდნენ. მას შემდეგ კიდევ სამ კვირაზე მეტი გავიდა.
ოსურ მედიასთან საუბარში, ვადიკ კაჩმაზოვი ამბობს, რომ ტრაქტორი, რომელიც გზას წმენდდა რამდენჯერმე გაფუჭდა, რამაც სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. ადგილობრივი კომუნალური სამსახურის უფროსი ვერ ამბობს, როდის დასრულდება კოზის მიმართულებით გზის წმენდის სამუშაოები.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობისა და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

ასევე დაგაინტერესებთ