ამინდის გაუარესების გამო, საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ტთული მეტეოროლოგიური პირობებია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კილომეტრზე – ფარავანის უღელტეხილზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თოვს დასავლეთ საქართველოშიც – ამიტომ, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
მოსახლეობას აფრთხილებენ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ფრთხილად სიარულისკენ, სადაც თოვის და ლიპყინულის გამო, ასევე აიკრძალა დროებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აქაც დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით – საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, 3-4-ბალიანი შტორმი ზღვაზე და ყინვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით:
· 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
· 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
· 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.