პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხებოდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ვალების ჩამოწერის პროგრამიდან გამომდინარე, 2023 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 4000-მდე სტუდენტმა მყისიერად აღიდგინა სტატუსი და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2-3 თვეში ყველა უნივერსიტეტს ჩაერიცხება განსაზღვრული თანხა.
2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის (განულების) შესახებ ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 15 სექტემბერს დააყენა. „ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც ფინანსური დავალიანების გამო აქვს სტატუსი შეწყვეტილი, გაუნულდება დავალიანება. მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიან უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე დააზუსტა, რომ ფინანსური დავალიანება 30 ათასამდე სტუდენტს ჰქონდა.
თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. სწორედ, მათ შესახებ შეკითხვებსაც უპასუხა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა.
„ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ ფასდაკლებით, იმ ფასად, რა ფასადაც ის ვალი ეღირებოდა, ვისაც ესმის უნივერისიტეტის სამზარეულო, ეს პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავალი იყო უნივერსიტეტებისთვის… რატომ არ შემოუერთდნენ? არ ვიცი, – აღნიშნა ამილახვარმა და დაამატა, – ახლა რიტორიკულ კითხვას უკან გვიტრიალებენ, რა ეშველებათ ამ სტუდენტებს?! ჩვენ ვერავის დავაძალებთ, ვერც სამართლებრივად და ვერც აკადემიურად, რომ ვინმე მობილობით გადავიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათმა [უნივერსიტეტების] ხელმძღვანელებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ დამატებითი სოციალური სარგებელი თავიანთ სტუდენტებს არ უნდა მისცენ”.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, GIPA-ს სხვადასხვა მიზეზებით (არა მხოლოდ ფინანსური) ჰყავდა სტატუსშეჩერებული 501 სტუდენტი და მათგან დღეის მონაცემებით, ინსტიტუტს სტატუსის აღდგენის თხოვნით მიმართა 85-მა. მათ ეს სტატუსი აღუდგათ.
თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, უნივერსიტეტს ამ დროისათვის სტატუსის აღდგენის განცხადებით 400-მდე სტუდენტმა მიმართა.
საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები:
33 – უნივერსიტეტი;
21 – სასწავლო უნივერსიტეტი;
2 – კოლეჯი;
7 – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა, დავალიანების საკუთარი სახსრებით განულების შეთავაზებაზე, პასუხად 20 სექტემბერს განცხადება გაავრცელეს.