განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ 2023 წლის სექტემბრიდან სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულების ფარგლებში 4 000-მდე სტუდენტია, ვინც მყისიერად აღიდგინა სტუდენტის სტატუსი და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა.
ამილახვარმა პარლამენტში დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს თანხა 2-3 თვის ვადაში “ბოლო თეთრამდე” ჩაერიცხებათ.
“2023 წლის სექტემბრიდან 4 000-მდე სტუდენტია, ვინც მყისიერად აღიდგინა სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. ასევე კითხვა იყო, ის ორი უნივერსიტეტი, რომელიც არ შემოუერთდა – თავისუფალი ნების პირობებში ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ ფასდაკლებით, იმ ფასით, რა ფასადაც ის ვალი ეღირებოდა და ვისაც ესმის უნივერსიტეტის სამზარეულო, ალბათ ესმის, რომ ეს პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავალი იყო უნივერსიტეტებისთვის. ის ორი უნივერსიტეტი კერძო იყო, აღარ დავასახელებ სახელებს… რატომ არ შემოუერთდნენ? არ ვიცი, კითხეთ, როგორ შეიძლება არ შემოუერთდე ასეთ ინიციატივას, მაშინ როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ იმ საბაზრო ღირებულებით, რაც ფინანსურ ბაზარზე ეს ვალი ღირს, ჩვენ იმ თანხას გადავიხდით და უკლებლივ თითოეული კერძო უნივერსიტეტი ბოლო თეთრამდე მიიღებს იმ თანხას, 2-3 თვე ავიღეთ ამისთვის და ეტაპობრივად ყველას ჩაერიცხება”. – თქვა გიორგი ამილახვარმა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდებოდათ. პრემიერის ინფორმაციით, ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება. მან განათლების და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოეგვარებინათ საკითხი.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის 27 სექტემბრის განმარტებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებას სრულად საქართველოს ბიუჯეტი დაფარავდა. მისივე თქმით, კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფოს 20%-იანი მონაწილეობა შესთავაზეს და თანხმობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანების 80% ჩამოაწერონ.
28 სექტემბერს, სტუდენტებისათვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ორი უმაღლესი სასწავლებელი არ დათანხმდა სტუდენტებისათვის დავალიანების ჩამოწერას – “სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ ჩამოეწერა სტუდენტებისთვის დავალიანება და მეორე იყო ბენდუქიძის უნივერსიტეტი”
თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა მართლაც თქვეს უარი სახელმწიფოს პოლიტიკური დირექტივით ტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერათ, თუმცა, საქართველოს უნივერსიტეტში ტაბულასთან საუბარში ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაცია უარყვეს და გვითხრეს, რომ გასული კვირიდან იღებენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სწავლის გაგრძელება სურთ.