ამილახვარი: 3 წლის შემდეგ ვიმსჯელებთ, ეროვნული გამოცდების საჭიროება არის თუ გავაუქმოთ

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, მომავალი 3 წელი ეროვნულ გამოცდებს ცვლილება არ შეეხება. მისი ინფორმაციით, “3 წლის შემდეგ დადგება ალბათ საკითხი, რომ განვიხილოთ – ეროვნული გამოცდების მოდიფიცირება გვიწევს, საჭიროება თუ საერთოდ გაუქმება”.
მინისტრის თქმითვე, არ სურთ, მოზარდები გამოცდებით გადაღალონ. განათლების უწყება აპირებს, მეექვსე და მეცხრე კლასის ბოლოს საგნობრივი ჯგუფები შექმნას და ბავშვებს 2-3 გამოცდა დააწერინოს. ამის სადიაგნოსტიკო პილოტირება 2025-26 წლებში იგეგმება.
რაც შეეხება მე-12 კლასს, მინისტრის თქმით, 2027 წლიდან აპირებენ განმსაზღვრელი შეფასების და GPA-ის შემოღებას, რომელსაც, როგორც ამილახვარი ამბობს, “რამდენიმე წელი” დასჭირდება დასამკვიდრებლად.
“განმსაზღვრელი შეფასება ორ რამეს გადაწყვეტს. ერთი, რომ ბავშვი სკოლას ამთავრებს და მას ატესტატს ვაძლევთ, და მეორე, მას მიენიჭება ქულა-რეიტინგი, რომლის საფუძველზეც, უნივერსიტეტის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ამ ქულის ფარგლებში თავად გადაწყვეტს მოსწავლე, თუ რომელ უნივერსიტეტს მიმართავს და უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს ბარიერს”. – ამბობს ამილახვარი და აღნიშნავს, რომ “თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაშია მსგავსი სისტემა” და საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ბევრ ადამიანს ზუსტად ამ პროცესის გავლა უწევს.
“ჩვენ 3-4 წლიან პერსპექტივაში უნდა გადავიდეთ ამ პროცესზე და აი, იქ ნამდვილად, 3 წლის შემდეგ დადგება ალბათ საკითხი, რომ განვიხილოთ ჩვენ ეროვნული გამოცდების მოდიფიცირება გვიწევს, საჭიროება თუ საერთოდ გაუქმება”. თქვა განათლების მინისტრმა.