აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების ხელშეწყობას ემსახურებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „უოლ სთრით ჯორნალი“ სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დირექტივაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მემორანდუმის თანახმად, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოაწერა ხელი, ამერიკის შეერთებული შტატები თავს შეიკავებს სხვა ქვეყნების არჩევნების ლეგიტიმურობის, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის შესახებ კომენტარებისგან, თუ არ იარსებებს მკაფიო და დამაჯერებელი საგარეო პოლიტიკური აუცილებლობა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპზე ყურადღების გამახვილებით არის განპირობებული. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გამარჯვებულისადმი მილოცვით და თავიდან უნდა იქნეს აცილებული საარჩევნო პროცესის ნებისმიერი შეფასება.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-მა უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნებისთვის მმართველობის ფორმების მოხვევის პრაქტიკაზე და ამ პოლიტიკას „დამანგრეველი ინტერვენცია“ უწოდა.
1tv.ge
