შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის მოსახლოების მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ან მისი სავარაუდო რესპუბკიკელი ოპონენტის, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის უნარს სათანადოდ მართონ ქვეყანა.
გამოკითხვებმა ეს შედეგი მათი ასაკის გათვალისწინებით აჩვენა – პრეზიდენტი ბაიდენი 81 წლისაა, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი 77 წლის.
10-დან 6-ზე მეტი (63%) ამერიკელი ამბობს, რომ ისინი ძალიან ან საერთოდ არ არიან დარწმუნებულნი პრეზიდენტ ბაიდენის გონებრივ შესაძლებლობებში ეფექტურად მართოს ამერიკა. ასევე, უმრავლესობა, მაგრამ ოდნავ უფრო მცირე ნაწილი (57%) ამბობს, რომ ტრამპს ცუდი მეხსიერება და არა-გამჭრიახი გონებრივი შესაძლებლობები აქვს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად.
“ასოშეიტედ პრესის” საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (NORC) ახალი გამოკითხვის დასკვნები მიუთითებს რთულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც ისეთი საკითხები, როგორიცაა ასაკი და გონებრივი კომპეტენცია, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ბოლო წლების ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ შეჯიბრში.
მოსახლეობის შეხედულებები ბაიდენის მეხსიერებასა და გამჭრიახობაზე გაუარესდა 2022 წლის იანვართან შედარებით, როდესაც გამოკითხულთა, დაახლოებით, ნახევარმა გამოთქვა მსგავსი შეშფოთება. ეს მაჩვენებელი წლევანდელ გამოკითხვასთან შედარებით 14%-ით დაბალი იყო. (2022 წლის გამოკითხვას ეს შეკითხვა ტრამპის შესახებ არ დაუსვამს.)
დემოკრატები უფრო მეტად ჩანან შეშფოთებული ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობებით, ვიდრე რესპუბლიკელები ტრამპის უნარებით.
ამერიკელების მხოლოდ 38% აფასებს დადებითად ბაიდენის მიერ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას, ხოლო 61% საპირისპიროს ფიქრობს. ბაიდენის შეფასება პარტიული ამომრჩევლის გათვალისწინებით ასე იყოფა: დემოკრატების 74%, დამოუკიდებელების 20% და რესპუბლიკელების 6% აფასებს დადებითად მის საქმიანობას. გამოკითხულთა შორის, არსებობს ფართო უკმაყოფილება იმაზე, თუ როგორ ჭრის პრეზიდენტი ბაიდენი სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის, ეკონომიკის, იმიგრაციის და საგარეო პოლიტიკის კუთხით.
გამოკითხული 10 ამერიკელიდან 4 ეთანხმება ბაიდენის პოლიტიკას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება, აბორტის პოლიტიკა და ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგრამ ხალხი ნაკლებად კმაყოფილია ბაიდენის იმიგრაციის პოლიტიკით (29%), კონფლიქტით ისრაელებსა და პალესტინელებს შორის (31%) და ეკონომიკით (34%). პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას 5 მარტს დაგეგმილ ერისადმი მიმართვაში, რომელიც კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე შედგება.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი ღრმად პესიმისტურადაა განწყობილი ნოემბრის არჩევნების მიმართ, სავარაუდო კანდიდატთა ასაკისა და კოგნიტური დაქვეითების რისკების გამო.
პრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით დამატებითი დისკუსია მოჰყვა სპეციალური პროკურორის ანგარიშს. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ გადაწყდა ბაიდენის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში არ წაეღოთ, რადგან ის ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარდგებოდა, როგორც “კეთილგანწყობილი, ხანდაზმული მამაკაცი ცუდი მეხსიერებით”. სასამართლო საქმე საიდუმლო დოკუმენტების არასწორად შენახვას ეხებოდა. ანგარიში პრეზიდენტის მეხსიერებას აღწერს, როგორც “ბუნდოვანს”, “გაუმართავს”, “ცუდს” და “მნიშვნელოვანი შეზღუდვები” მქონეს. ამ გამოძიებას ფონად გასდევს ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული ერთ-ერთი საქმე, რომლის ფარგლებშიც ფლორიდის პროკურორმა მას ბრალი საიდუმლო მასალების არასწორი შენახვისთვის წაუყენა.
საპასუხოდ ბაიდენი ცდილობს მის ასაკზე შეშფოთება ხშირი ხუმრობით გადაფაროს. თუმცა, დემოკრატების დაახლოებით მესამედი ამბობს, რომ ნაწილობრივ ან სრულიად სკეპტიკურად უყურებენ ბაიდენის გონებრივ შესაძლებლობებს. დემოკრატთა მხოლოდ 40%-მა თქვა, რომ ისინი სრულად ან ძალზედ დარწმუნებულნი არიან ბაიდენის გონებრივ უნარებში.
რესპუბლიკელები უფრო დარწმუნებულნი არიან ტრამპის კოგნიტურ სიჯანსაღეში, ვიდრე დემოკრატები ბაიდენისაში. გამოკითხვაში რესპუბლიკელების 59% სრულად ან ძალზედ დარწმუნებულია, რომ ტრამპს აქვს გონებრივი შესაძლებლობები იმისთვის, რომ იყოს პრეზიდენტი.
მაგრამ ერთი რამ, რაზეც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან არის ის, რომ მეორე მხარის სავარაუდო კანდიდატი გონებრივად არაა შესაბამისი თეთრი სახლის დასაკავებლად. 10 რესპუბლიკელიდან დაახლოებით 9 ამბობს, რომ ბაიდენს არ აქვს გონებრივი უნარები იყოს პრეზიდენტი, ხოლო დემოკრატების მსგავსი წილი იმავეს ამბობს ტრამპზე.
კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 1102 ზრდასრული ამერიკელი 2024 წლის 22-26 თებერვალს, წარმომადგენლობითი შერჩევის გამოყენებით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 4.1 პროცენტული პუნქტია.