ამერიკელი სენატორი უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს

ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორი გახდა, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს ან უცხოურ აგენტად მოქმედებაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ სტატიას ანალიტიკური ფორუმი Just Security აქვეყნებს.
როგორც სტატიაში აღნიშნული, დემოკრატიული პარტიის წევრ სენატორისთვის, ბობ მენენდესისთვის 16 ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა ფატალური დარტყმა იყო -ის კონგრესში მისი 30-წლიანი კარიერისთვის. მენენდესმა მიანიშნა, რომ სენატიდან წასვლას გეგმავს.
სტატიის ავტორი ადამ კლასფელდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური შედეგების გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრალდების მე-14 და მე-15 პუნქტებს, რომელთა თანახმადაც მენენდესს ბრალი ედება ეგვიპტის მთავრობის აგენტად მოქმედებისთვის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერის პოზიციის გამოყენებაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ როდესაც სენატორს გასული წლის სექტემბერში პირველად წარუდგინეს ბრალი, უცხოური აგენტად მოქმედების ბრალდება არ იყო ნახსენები. მხოლოდ მოგვიანებით, მიმდინარე წლის მარტში პროკურორებმა წარადგინეს მეოთხე ბრალდება, რომლის თანახმადაც, მენენდესი აშშ-ის ტერიტორიაზე პოლიტიკური საქმიანობის საშუალებით მოქმედებდა როგორც ეგვიპტის მთავრობისა და ეგვიპტელი მაღალჩინოსნების აგენტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უცხოურ გავლენას ქვეყანაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონით (FARA) არეგულირებს, რომელიც კონგრესმა 1938 წელს მიიღო მეორე მსოფლიო ომის წინ ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ. ასევე ლობისტურ საქმიანობას 1995 წელს მიღებული კანონი არეგულირებს. კანონი, რომლის დარღვევაშიც მენენდესი დამნაშავედ ცნეს ბრალდების მე-14 და მე-15 პუნქტებით, უკრძალავს საჯარო თანამდებობის პირებს უცხოურ აგენტად ან ლობისტად მოქმედებას.
ყოფილი ფედერალური პროკურორი ბრენდონ ვან გრეკი განმარტავს, რომ საჯარო მოხელეები არ შეიძლება, იყვნენ უცხოური აგენტები.
„ტექნიკურად ეს FARA-ს ჩარჩოებს სცდება, რადგან მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ვერ დარეგისტრირდებით, რადგან ამის გაკეთების უფლება არ გაქვთ“, – ამბობს ვან გრეკი.
ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი 16 ივლისს ცნეს დამნაშავედ. სენატორ მენენდესს თაღლითობაში, უცხოური აგენტის როლის შესრულებაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაას და სხვა დანაშაულებში ედებოდა ბრალი. პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის აღების რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ბრალი აღიარა და მისცა ჩვენება, როგორც პროკურატურის მოწმემ მენენდესის წინააღმდეგ. თავად მენდენსი რვაკვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში ბრალს არ აღიარებდა. აღნიშნულ საქმეებზე ბრალი ედება მენენდესის მეუღლესაც, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი