უკრაინამ მიმდინარე წლის იანვარში А-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot-ით ჩამოაგდო, – უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია აშშ-ის არმიის მე-10 საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა როსანა კლემენტემ გაავრცელა.
ამერიკელი ოფიცრის განმარტებით, უკრაინის სახელმწიფოს დამცველებმა საჰაერო ჩასაფრების (SAMbush) ტაქტიკა გამოიყენეს, რისთვისაც მებრძოლები სპეციალურად იყვნენ მომზადებული.
პოლკოვნიკის თქმით, უკრაინელები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილს სტაციონარული ობიექტების დასაცავად იყენებენ, სხვები გადაადგილდებიან და „აკეთებენ ჭეშმარიტად ისტორიულ საქმეებს“.
„მსგავსი არ მინახავს საჰაერო თავდაცვაში მუშაობის 22 წლის განმავლობაში”, – ხაზგასმით აღნიშნა როსანა კლემენტემ.