ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები პორტუგალიას მოუწოდებენ, არ დაუშვან “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა.
შესაბამის წერილს აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ერთობლივი წერილით პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ, ლუის მონტენეგროს მიმართავენ.
წერილში აღინიშნება, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა “სისტემატურად ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას, ჩართულია ფართოდ გავრცელებულ საარჩევნო თაღლითობაში, მშვიდობიანი პროტესტების “ძალადობრივად ჩახშობაში”, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებაში, რომლებიც მის “ავტორიტარულ მმართველობასთან შედავებას ბედავენ”.
ასევე, წერილში ნათქვამია, რომ მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა წინ წაწევასა და დაცვას ცდილობენ პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.
ასევე, აღინიშნება, რომ “ქართული ოცნების” მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟული სესიის დასწრების პრივილეგიის მიცემა, მათი “რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციას მოახდენს და მათ პლატფორმას მისცემს, რომელსაც ისინი არ იმსახურებენ”.
ხელმომწერების პოზიციით, მათი მონაწილეობა ძირს გამოუთხრის ძირეულ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო წარმოადგენს და არასწორ მესიჯს გაუგზავნის მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის საქართველოსა და მის მიღმა.
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მონტენეგრო,
გწერთ დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი პორტუგალიის ერთგულების ღრმა დაფასებით. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიური სესიის მასპინძელმა, რომელიც პორტოში 2025 წლის 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება, პორტუგალიამ კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობისადმი და ერებს შორის თანამშრომლობისადმი თავისი ერთგულება. ვაფასებთ თქვენს მთავრობას ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვაში ლიდერობისთვის.
ამ პრინციპების ფონზე, თქვენს მთავრობას მოვუწოდებთ, ვიზები არ მისცეს, ან სხვაგვარად აღკვეთოს “ქართული ოცნების” მთავრობის წევრების მონაწილეობა, რომლებიც ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან შეკრებაში მონაწილეობას ცდილობენ. “ქართული ოცნების” მთავრობა სისტემატურად ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას, ჩართულია ფართოდ გავრცელებულ საარჩევნო თაღლითობაში, მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივად ჩახშობაში, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებაში, რომლებიც მის ავტორიტარულ მმართველობასთან შედავებას ბედავენ. მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა წინ წაწევასა და დაცვას ცდილობენ პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.
“ქართული ოცნების” მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟული სესიის დასწრების პრივილეგიის მიცემა მათი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციას მოახდენს და მათ პლატფორმას მისცემს, რომელსაც ისინი არ იმსახურებენ. მათი მონაწილეობა ძირს გამოუთხრის ძირეულ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო წარმოადგენს და არასწორ მესიჯს გაუგზავნის მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის საქართველოსა და მის მიღმა. პორტუგალიამ, როგორც დემოკრატიული იდეალების მტკიცე დამცველმა, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს მათი შესვლის აკრძალვით.
მადლობა თქვენი ლიდერობისთვისა და საერთაშორისო დონეზე დემოკრატიის დაცვისადმი ერთგულებისთვის. ვაფასებთ თქვენს ყურადღებას ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი და მოუთმენლად ველით პორტუგალიის ძალისხმევების გაგრძელებას მსოფლიოს გარშემო დემოკრატიული მმართველობის წინ წაწევაში,” – ნათქვამია წერილში.
ერთობლივი წერილის ხელმომწერები არიან ეუთოს ქვეყნების დელეგაციების შემდგომი წევრები და მეთაურები: ჯო უილსონი (აშშ-ის დელეგაციის მეთაურის მოადგილე), შერონ ჰოჯსონი (გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის მეთაური), პაველ ზალეწსკი (პოლონეთის დელეგაციის მეთაური), ინგრიდა ცირცენე (ლატვიის დელეგაციის მეთაური), რუსლანს ბარანოვსი (ლიეტუვის დელეგაციის მეთაური), მიკიტა პოტურაიევი (უკრაინის დელეგაციის მეთაური), მარკ პრიტჩარდი (გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრი), ჯონ უიტინგდეილი (გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრი), კოლუმ ისტვუდი (გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრი), იოჰან ბუსერი (შვედეთის დელეგაციის წევრი), კარინა ოდებრინკი (შვედეთის დელეგაციის წევრი), ულრიკ ნილსონი (შვედეთის დელეგაციის წევრი), კადირ კასირგა (შვედეთის დელეგაციის წევრი), ლინეა ვიკმანი (შვედეთის დელეგაციის წევრი), ჰელენა სტორკენფელდი (შვედეთის დელეგაციის წევრი), პავლო ფროლოვი (უკრაინის დელეგაციის წევრი), ნატალია ლოკტიონოვა (უკრაინის დელეგაციის წევრი), იაროსლავ იურჩიშინი (უკრაინის დელეგაციის წევრი), იურგის კლოტინსი (ლატვიის დელეგაციის წევრი), ლაურინას კაშჩუნასი (ლიეტუვის დელეგაციის წევრი), სტივ კოენი (აშშ-ის დელეგაციის წევრი), იოარ ფორსელი (შვედეთის დელეგაციის ალტერნატიული წევრი), ვიქტორია პოდჰორნა (უკრაინის დელეგაციის ალტერნატიული წევრი), ჰანა ლიჩმანი (უკრაინის დელეგაციის ალტერნატიული წევრი), ნატალია პიპა (უკრაინის დელეგაციის ალტერნატიული წევრი), ირინა გერაშჩენკო (უკრაინის დელეგაციის ალტერნატიული წევრი), ვიქტორია კინზბურსკა (უკრაინის დელეგაციის ალტერნატიული წევრი) და სერგი ალექსიევი (უკრაინის დელეგაციის ალტერნატიული წევრი).
