ირანი „პირდაპირ არის ჩართული” წითელ ზღვაში, იემენელი “ჰუთი” მებრძოლების თავდასხმებში კომერციულ გემებზე, ისრაელ-“ჰამასის” ომის ფონზე, განუცხადა ორშაბათს “ასოშეიტედ პრესს” აშშ-ის საზღვაო ძალების ახლო აღმოსავლეთის მიმართულების მეთაურმა.
ვიცე-ადმირალმა ბრედ კუპერმა, საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის მეთაურმა, პირდაპირ არ თქვა, რომ თეირანი ხელმძღვანელობს “ჰუთების” თავდასხმებს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში. თუმცა აღნიშნა, რომ ირანთან დაკავშირებული თავდასხმების რადიუსი გაფართოვდა და გასცდა სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეს.
”ჰუთების ქმედებები, მათი შეტევების თვალსაზრისით, სავაჭრო გემებზე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გვინახავს ორი თაობის განმავლობაში,” – განუცხადა მან “ასოშეიტედ პრესს” სატელეფონო ინტერვიუში. „ირანი აშკარად აფინანსებს [“ჰუთების” მოძრაობას], ისინი აწვდიან მათ რესურსებს, ამარაგებენ და წვრთნიან“, – თქვა კუპერმა და დასძინა, რომ ”ისინი აშკარად უშუალოდ არიან ჩართულნი. ეს საიდუმლო არ არის“, – დაამატა მან.
ირანის მისიამ გაეროში და “ჰუთების” წარმომადგენელმა იემენის დედაქალაქ სანაში AP-ის კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. თუმცა მოგვიანებით მოძრაობამ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ შეერთებული შტატების დროშის ქვეშ მცურავ გემს, რისი დამოუკიდებლად გადამოწმება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
ნოემბრიდან მოყოლებული, ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუთების” მოძრაობის მებრძოლებმა, სულ მცირე, 34 თავდასხმა განახორციელეს გემებზე სუეცის არხამდე მიმავალ საზღვაო გზებზე, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალი ენერგო რესურსებისა და სხვა ტვირთისთვის.
“ჰუთები” შიიტური მეამბოხე ჯგუფია, რომელიც იემენის დედაქალაქ სანას 2014 წლიდან აკონტროლებს და 2015 წლიდან ებრძვის საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციას, რომელიც მხარს უჭერს იემენის დევნილ მთავრობას.
ბოლო დღეებში, თავდასხმების საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა შვიდი იერიში მიიტანა “ჰუთების” სამხედრო ობიექტებზე.
თუმცა, გლობალური ეკონომიკისთვის რისკები რჩება, რადგან ბევრი გემი ამ მარშრუტის გვერდის ავლით აფრიკის კონტინენტის შემოვლით გადაადგილდება, რაც ზრდის ტრანსპორტირების საფასურს და გლობალური ინფლაციის რისკებს.