შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ქვეყანაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლოიდ ოსტინის თქმით, დახმარება გაგრძელდება იმის მიუხედავად, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო $60 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერის საბიუჯეტო პაკეტის დამტკიცება კვლავ შეყოვნებულია ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი ეწინააღმდეგება დახმარების დამტკიცებას მანამ, სანამ დემოკრატები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას არ დათანხმდებიან.
„შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინას დამარცხებას“, – უთხრა ოსტინმა უკრაინის დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელს, მათთან შეხვედრის დაწყებამდე. 19 მარტს, გერმანიის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) შეხვედრები განახლდა. ეს წელს ჯგუფის პირველი შეხვედრა იყო, რომელიც ვირტუალურად არ გაიმართა.
“რამშტაინის ფორმატის” სახელით ცნობილ ყოველთვიურ შეკრებაზე, უკრაინის მოკავშირეები კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის გზებს განიხილავენ. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა და უკანონო ომმა, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, კვალი არამარტო უკრაინის, არამედ – მისი მხარდამჭერი ქვეყნების შეიარაღების მარაგსაც დაატყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალის დეფიციტის ფონზე, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის კიდევ უფრო მეტად დაწინაურების შეკავებას ცდილობენ. ოსტინის თქმით, „უკრაინის ჯარი მძიმე პირობების და მძიმე შეტაკებების პირისპირაა. უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას კი რუსეთის რაკეტებითა და ირანული თვითმფრინავებით გამოწვეული მუდმივ აფეთქებათა გაძლება უწევს. მაგრამ, უკრაინა უკან არ იხევს. და ამას არც შეერთებული შტატები აპირებს“.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებით, უკრაინის გადარჩენისა და მისი სუვერენიტეტის “ამერიკის ღირსებისა და უსაფრთხოების საკითხია“. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ძალების დანაკარგებს მიმდინარე ომში. ოსტინის თქმით, 2022 წლის თებერვლის მერე 315 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული. მთლიანობაში, უკრაინაზე თავდასხმა მოსკოვს ამ დრომდე $211 მილიარდი დაუჯდა.
რამშტაინის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე შეკრებილმა ლიდერებმა უკრაინას მორიგი დახმარება აღუთქვეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს 500 მილიონ ევროს ($543 მლნ.) გამოუყოფს. ამ პაკეტში შევა საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები, რაც უკრაინას ძალიან მალე მიეწოდება.