“ამერიკა დაბრუნდა” – დონალდ ტრამპის კონგრესისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ინაუგურაციიდან 6 კვირის შემდეგ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე და გეგმებზე ისაუბრა. მას რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა სიტყვა ტაშით არაერთხელ შეაწყვეტინეს. ისინი სკანდირებდნენ “ამერიკის შეერთებული შტატები”. დემოკრატ კანონმდებელთა ნაწილი კი პროტესტს სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ისმოდა შეძახილები “ტყუილია”, “მცდარია”. ზოგ დემოკრატ კანონმდებელს შესაბამისი ბანერებიც ეჭირა. ერთ დემოკრატ კონგრესმენს სპიკერმა სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა.
“ექვსი კვირის წინ მე კაპიტოლიუმის ამ გუმბათის ქვეშ ვიდექი და ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟის შესახებ განვაცხადე. იმ მომენტიდან მოყოლებული, ეს [პერიოდი] იყო სხვა არაფერი, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ 43 დღეში, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ 4 ან 8 წელიწადში – და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია”, – ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესის გაერთიანებული სხდომისა და ერისადმი მიმართვა.
“ამაღამ ამ დარბაზში დავბრუნდი, რათა შეგატყობინოთ, რომ ამერიკის დრო დაბრუნდა. ჩვენი სული, ჩვენი სიამაყე, თავდაჯერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება წინ მიიწევს და ის უფრო დიდი და უკეთესი ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია და ჩვენი ქვეყანა ისეთი დაბრუნების ზღვარზეა, რომლის მსგავსის მოწმე მსოფლიო არასოდეს ყოფილა და, ალბათ, აღარასდროს იქნება”, – თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლა, პირველად თანამედროვე ისტორიაში, უფრო მეტ ამერიკელს სჯერა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ვიდრე – არასწორი მიმართულებით.
“ეს გასაოცარი, რეკორდული 27-მაჩვენებლიანი ცვლილებაა [გამოკითხვებში] ს დღის შემდეგ. ანალოგიურად, მცირე ბიზნესის ოპტიმიზმიც [იზრდება] მათ ყველაზე დიდი მოგება ნახეს ერთ თვეში, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – 41 პუნქტიანი ნახტომი”, – თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ხელი მოაწერა დაახლოებით 100 აღმასრულებელ ბრძანებას და 400-ზე მეტი აღმასრულებელი ქმედება განახორციელა. “რათა აღვადგინო საღი აზრი, უსაფრთხოება, ოპტიმიზმი და სიმდიდრე მთელ ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში. ხალხმა ამირჩია საქმის გასაკეთებლად და მე მას ვაკეთებ. უამრავმა [ადამიანმა] თქვა, რომ ჩვენი პრეზიდენტობის პირველი თვე ყველაზე წარმატებულია ჩვენი ერის ისტორიაში”, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა თავისი სიტყვით გამოსვლის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება:
ეკონომიკა
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მის უპირველეს პრიორიტეტებს შორის ეკონომიკის გაუმჯობესება და მშრომელი ოჯახებისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების მიწოდებაა.
“წინა ადმინისტრაციისგან ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციის კოშმარი. მათმა პოლიტიკამ ასწია ფასები ენერგოსექტორზე, გაზარდა სასურსათო პროდუქტების ღირებულება და მილიონობით ამერიკელისთვის მიუწვდომელი გახადა სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებები. ჩვენ განვიცადეთ ყველაზე მძიმე ინფლაცია ბოლო 48 წლის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა, მთლიანად ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც კი. როგორც პრეზიდენტი, ყოველდღე ვიბრძვი იმისთვის, რომ გამოვასწორო ეს ზიანი და ამერიკა კვლავ ხელმისაწვდომი გავხადო”, – თქვა მან. დონალდ ტრამპმა ბოლო დროს ქვეყანაში ქათმის კვერცხის ფასების ზრდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ პროდუქტზე ფასების ზრდა მისმა წინამორბედა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუშვა. თუმცა, ტრაპმა იქვე დასძინა, რომ ამის გამოსასწორებლად მისი ადმინისტრაცია მუშაობს.
ენერგეტიკა
ტრამპის თქმით, ინფლაციის დასამარცხებლად მისი გუნდის ბრძოლაში მთავარი აქცენტი ენერგიის ღირებულების სწრაფი შემცირებაა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ წინა ადმინისტრაციამ 95%-ით შეამცირა ნავთობისა და გაზის ახალი იჯარების რაოდენობა, შეაჩერა მილსადენების მშენებლობა და დახურა 100-ზე მეტი ელექტროსადგური და სწორედ ამიტომ მან ინაუგურაციის დღესვე ენერგეტიკის მიმართულებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ალასკაში გიგანტური ბუნებრივი აირის მილსადენის ასაშენებელ ძალისხმევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. “აქ იაპონიას, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებს ჩვენთან პარტნიორობა სურთ – ისინი ტრილიონობით დოლარს გზავნიან. ეს მართლაც თვალწარმტაცი სანახავი იქნება”, – თქვა პრეზიდენტმა.
მან ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების ინიციატივებიც ახსენა და განაცხადა: “მოგვიანებით, ამ კვირაში, მე ასევე გადავდგამ ისტორიულ ნაბიჯს იმისთვის, რომ დრამატულად გავაფართოვოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის წარმოება აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში”.
ტარიფები
პრეზიდენტის გამოსვლის დღეს ამოქმედდა ახალი ტარიფები კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ. გაორმაგდა უკვე დაწესებული ტარიფი ჩინეთის მიმართაც. პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა ქვეყნებს პროპორციული ტარიფები და პირობები დაუწესოს.
“როგორ ტარიფებსაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავუწესებთ მათ ტარიფებს. რა გადასახადსაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავუწესებთ. თუკი ისინი არამონეტარულ ტარიფებს დაგვიწესებენ იმისთვის, რომ თავიანთი ბაზრიდან გაგვაძევონ, ჩვენ ასეთივე არამონეტარულ ბარიერებს დავუწესებთ მათ ჩვენი ბაზრიდან განსადევნად. ჩვენ მივიღებთ ტრილონობით დოლარს და შევქმნით სამუშაო ადგილებს ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს”, – განაცხადა მან.
იმიგრაცია და საზღვარი
დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის სასაზღვრო უსაფრთხოებაზე და იმიგრაციაზეც. თქვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ინაუგურაციის დღიდანვე დაიწყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ყოვლისმომცველი სასაზღვრო და საიმიგრაციო ძალისხმევა.
“ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ ყველაზე დაბალ ციფრებს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მედია და ჩვენი მეგობრები დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ საზღვრის დასაცავად ახალი კანონმდებლობა გვჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მართლა გვჭირდებოდა, ახალი პრეზიდენტი იყო”, – თქვა ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა.
კონგრესში დღეს მიწვეულ სტუმართა შორის ამერიკაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მსხვერპლთა ოჯახის წევრებიც იყვნენ. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს. მან საზღვართან მოქმედ მექსიკურ კარტელებს ომი გამოუცხადა და თქვა, რომ ამ მიმართულებითაც ბევრს გააკეთებს.
“საზღვრის უსაფრთხოების და ნარკოტრეფიკინგის შესაზღუდი ძალისხმევისთვის, კონგრესს მე დაფინანსების დეტალური მოთხოვნა გავუგზავნე, რომელიც კონკრეტულად ასახელებს, ზუსტად როგორ აღმოვფხვრით ამ საფრთხეებს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და დავასრულებთ ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, იმაზე ფართომასშტაბიანს, რაც ამ დრომდე მოქმედი რეკორდსმენის – დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო – მოკრძალებული კაცის, მაგრამ კაცის, რომელსაც ძალიან მტკიცედ სჯეროდა საზღვრების. ამერიკელები ელიან კონგრესისგან, რომ მან მე ეს დაფინანსება დაყოვნების გარეშე მომცეს, რომ მას ხელი მოვაწერო და კანონად ვაქციო”,- თქვა ტრამპმა.
“კანონი და წესრიგი”
დონალდ ტრამპის თქმით, აუცილებელია სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერა, მათ მიერ კანონების აღსრულების უზრუნველყოფა და ამასთან მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლება.
“როცა ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე უნდა დავაბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს დიდ და პატარა ქალაქებში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა რადიკალმა მემარცხენე მთვარეულებმა ამოაყირავეს. ბევრ იურისდიქციაში თითქმის შეწყვიტეს კანონის აღსრულება საშიში კრიმინალების წინააღმდეგ, ვინც განმეორებით დანაშაულს სჩადის”, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა:
“სამართალდამცავ უწყებებს კი ამ დროს ჩემი მსგავსი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ, ჩემმა ადმინისტრაციამ სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედა, რათა აღედგინა სამართლიანი, თანასწორი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება კონსტიტუციური კანონის უზენაესობის წინაშე – გამოძიების ფედერალური ბიუროთი და იუსტიციის დეპარტამენტით დაწყებული”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და ამერიკელ სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა “მხარდაჭერა, დაცვა, პატივისცემა, რომელსაც ისინი ასე ძლიერ იმსახურებენ”.

პრეზიდენტმა შიდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის და სხვადასხვა საკითხის შესახებ საუბრის შემდეგ, საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და ახსენა რუსეთ-უკრაინის ომი. მან ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებენ და უკრაინის დასახმარებლადაც საკმარისს არ აკეთებენ.
“მე ასევე დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლად. ამ საშინელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს, მილიონობით უკრაინელი და რუსია მოკლული ან დაჭრილი, რაც არ იყო აუცილებელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასობით მილიარდი დოლარი გაუგზავნა უკრაინას თავდაცვის მხარდასაჭერად. ამასობაში, ევროპამ სამწუხაროდ ბევრად მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე მათ ამ დრომდე უკრაინის დასაცავად გააგზავნეს. ბაიდენმა იმაზე მეტი ფულის გაგზავნის ბრძანება გასცა ამ ბრძოლაში, ვიდრე ევროპამ დახარჯა”, – თქვა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ს იმავე დღის განცხადებიდან მოიყვანა რამდენიმე ციტატა, სადაც ის წერს: “მე და ჩემი გუნდი პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ლიდერობით ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამუშაოდ მზად ვართ”.
დონალდ ტრამპა თქვა, რომ ის აფასებს ზელენსკის ამ განცხადებას და მოხარულია, რომ უკრაინა მზადაა მინერალების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად და ხანგძლივი მშვიდობის დასამყარებლად. მან ასევე თქვა, რომ კარგი იქნებოდა მსგავსი მზაობა სგანაც მოესმინა, რათა ომი დასრულდეს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ყოველკვირეულად 2000-მდე რუს და უკრაინელ ახალგაზრდას კლავენ და მას სურს, რომ ხალხის ხოცვა შეწყდეს. თქვა, რომ ამავე დროს მის გუნდს სერიოზული დისკუსიები აქვს რუსეთთან და მიიღო ძლიერი სიგნალები მათგანაც, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. “არ იქნებოდა ეს შესანიშნავი? დროა ეს სიშლეგე შეწყდეს. და თუ გსურს ომების დასრულება, ორივე მხარეს უნდა ესაუბრო”, – თქვა პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ მან რუსეთიდან პატიმართა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებული ისტორიის მასწავლებლის, მარკ ფოგელის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ ფოგელის რუსეთში საპატიმროდან დახსნა სულ რაღაც 22 დღეში შეძლო.
პრეზიდენტმა საგარეო დახმარების რამდენიმე პროგრამაც ახსენა სხვადასხვა კონტინენტზე და მიუთითა, რომ ეს ამერიკის გადასახადის გადამხდელთა თანხების გაუმართლებელი ხარჯვაა და თქვა, რომ ამერიკის საგარეო დახმარება სრულად შეაჩერა და ის გადახედვა-შეფასების პროცესშია.
თუმცა ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ თემებისა, რაზეც დონალდ ტრაპმა თავის სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა. მაგალითად, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელონ მასკს მისი ძალისხმევისთვის, რათა მთავრობაში გაუმართლებელი ხარჯები შეამციროს და ფედერალური მოხელეების სამსახურში დაბრუნებაზე ისაუბრა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კაბინეტის წევრებს მათ შორის თავდაცვის და ჯანდაცვის მდივნებს, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმოანდგენლებს და სხვა მაღალჩინოსნებს.
სხვა საკითხებთან ერთად პრეზიდენტმა გენდერული იდენტობის შესახებაც ისაუბრა. თქვა, რომ ტრანსგენდერ ქალებს ქალებთან ასპარეზობას ეწინააღმდეგება და შესაბამისი ნაბიჯებიც ამიტომ გადადგა. ისაუბრა ამერიკული სკოლების როლზეც და თქვა, რომ დაუშვებელია მშობლების ცოდნისა და თანხმობის გარეშე ბავშვებს სხვა სქესის მიმართულებით სოციალურ ტრანზიციაში უწყობდნენ ხელს.