პრემიალური კატეგორიის ღვინის მწარმოებელი კომპანია „პირველი მეღვინეობა“ ახალ საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან, კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერმა, მარიამ მეიფარიანმა ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ვენახები თელავში, სოფელ გულგულაში აქვს გაშენებული. ამავე სივრცეში განთავსებული აქვს ქარხანა და საწარმო, რომელიც იტალიელების მიერაა დაპროეტებული. გარდა ამისა, მეღვინეობაში ფრანგული ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომელიც ქართული ღვინის ყველა წესისა და სტანდარტის დაცვით წარმოებას უზრუნველყოფს.
კომპანია ამ ეტაპზე 4 სახეობის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, საფერავსა და კახურ მწვანეს კლასიკური და ქვევრის ტექნოლოგიით ავარგებს. წლიურად კი 250 000- 300 000 ბოთლამდე ასხამს.
მეიფარიანის ცნობით, კომპანია ბოლო 1 წელია რაც ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს და პარტნიორების მოძიებაზე მუშაობს. ამ დროისათვის „პირველი მეღვინეობას“ უკვე 200-მდე პარტნიორი ჰყავს და სამომავლო პერსპექტივაში, მათი რაოდენობის ზრდასაც გეგმავს.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერის ინფორმაციით, მათი ღვინო წელს პირველად ინგლისის ბაზარზე გავიდა და 2025 წელს, ამერიკაში, გერმანიაში, ჩინეთში, ნორვეგიასა და კანადაში უნდა გავიდეს.
„ბოლო 1 წელია, რაც ბაზარზე როგორც მარკეტინგული კამპანიების გაშვება, ასევე ახალი პარტნიორების მოზიდვა დავიწყეთ. შესაბამისად, ამ ერთი წლის განმავლობაში ბაზარზე დაახლოებით 200-მდე პარტნიორი გვყავს. რადგან ჩვენი ღვინო პრემიუმ კლასისაა, შიდა ბაზარზე, ჩვენ ძირითადად ბუტიკური ტიპის გაყიდვები გვაქვს და ვართ ისეთ ობიექტებში, სადაც რეალურად ღვინის ხარისხს აფასებენ. რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღვინის მაღაზიებში. სამომავლოდ ვაპირებთ სარეალიზაციო არეალის გაფართოებას და პარტნიორების კვლავ დამატებას. რაც შეეხება წარმადობას, ეს არ გაიზრდება, ვინაიდან, ჩვენ ვართ პრემიალური კატეგორიის ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ვართ ხარისხზე ორიენტირებული. 2024 წელს მყარად გავედით ინგლისში, რაც შეეხება 2025 წელს, ჩვენი ღვინო ამერიკაში, გერმანიაში, ჩინეთში, ნორვეგიასა და კანადაში გადის“, – განაცხადა მეიფარიანმა.
მისივე განმარტებით, კომპანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათი ყველა ღვინო მედალოსანია.
ცოტა ხნის წინ, კომპანიამ წინანდლის მამულში გამართულ, ღვინისა და კინოს საერთაშორისო ფესტივალ „WineCast“-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც მათმა კლასიკური ტექნოლოგიით დავარგებულმა “ხიხვმა” ამერიკელი სომელიეებისგან ოქროს მედალი დაიმსახურა. გარდა ამისა, ღვინის მწარმოებელი კომპანია „პირველი მეღვინეობა“ მონაწილეობას ჩინეთში, შანხაიში გამართულ გამოფენაში იღებდა.
მარიამ მეიფარიანის შეფასებით, აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიისთვის, ვინაიდან მომავალ წელს სწორედ ჩინეთის ბაზარზე გეგმავენ შესვლას.
ინფორმაციისთვის, Pirveli Winery-ის ღვინის შეძენა შესაძლებელია, მათ პარტნიორ ღვინის მაღაზიებში:
8000 მოსავალი, ალკორიუმი, ევროპროდუქტი, Extra, Veli, ღვინის ბიბლიოთეკა, სასმური, Petnat Wine, Shop, Vino &Vino, Food & Market, ღვინის კოდი, ლოლა, Winestudio და სხვა.