ამერიკაში ავტომობილების გაძვირება საქართველოზეც მოახდენს გავლენას

დონალდ ტრამპი უცხოეთიდან -ში იმპორტირებულ ახალ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს. ეს საბაზისო მაჩვენებელი იქნება და ქვეყნების მიხედვით სატარიფო განაკვეთის მოცულობა გაიზრდება. ეს კი ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს. ვინაიდან საქართველო 80%-ით ამერიკულ ბაზარზეა დამოკიდებული, არ არის გამორიცხული, რომ მანქანების ღირებულებამ ჩვენთანაც მოიმატოს.
ტარიფების დაწესება იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში, ის ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეულ საფასო უპირატესობას მისცემს. ამასთან, ტარიფებიდან მიღებულ მოსაკრებელს აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი აითვისებს და გენერირებული თანხა, ს თქმით, სუვერენული ვალის შემცირებას მოხმარდება.
ექსპერტების შეფასებით, ამ ნაბიჯით აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ომის გაჩაღება არა მარტო კანადის, მექსიკისა თუ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ სურს, რადგან აშშ-ის ბაზარზე ავტომობილები ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდანაც შედის.
საავტომობილო ბაზრის ექსპერტი, კომპანია „რობანი მოტორსის” დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძეს მიაჩნია, რომ ტარიფის დაწესება საქართველოს შიდა აბაზარზე მყისიერ ასახვას ვერ მოახდენს, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაც შეიცვლება
„ამერიკულ ბაზარზე ადგილობრივ ავტომობილებზე მოთხოვნა იმ დონეზე აღარ არის, როგორც ევროპული და იაპონური კატეგორიის მანქანებზე. აქ საუბარი არის ახალ ავტომობილეზე. დილერებს და იქაურ მოქალაქეებს გაუძვირდებათ პროდუქცია.
რაც მომავალში ამერიკულ ბაზარზე მოხდება, გარვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა, აისახოს ჩვენთან. ამ ეტაპზე, მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ტარიფები გათვლილია ახალ ავტომობილებზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჩვენი ბაზრისათვის მტკივნეული არ იქნება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, მცირე ასახვა მოახდინოს საქართველოზეც. გამომდინარე იქიდან, თუკი იქაურ მომხმარებელს ახალი ავტომობილის შეძენა გაუძვირება, მან შეიძლება იფიქროს, მცირე დაზიანებული მანქანის შეკეთება, აღარ გამოცვალოს და ზოგდად იაფად არ გაყიდოს”, – განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ.
საქართველო ამერიკულ ბაზარზე დიდად არის დამოკიდებული, ამიტომ ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, რომ აშშ-ში მიღებულ გადაწყვეტილებას ჯაჭვურ რეაქცია ჩვენთანაც ექნება,
„მოგეხსენებათ, რომ ავტობიზნესიში 80%-ით ამერიკულ ბაზარზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ თუ რაიმე შეიცვლება, შესაბამისი გავლენა იქნება საქართველოშიც. ანალოგიური მოხდება ჩვენთანაც, ეს ჯაჭვური რეაქციაა.
თითქმის მთლიანად ამერიკაზე ვართ მიბმულები, რადგან ის იაფი ბაზარია. ამერიკაში თუ გაძვირდება ავტომობილები, რა თქმა უნდა, თავისთავად, აქაც მოიმატებს ღირებულება. გავლენას ნამდვილად მოახდენს. უნდა ითქვას ისიც, რომ ავტოიმპორტიორებს გვაქვს ავტომობილების ევროპიდან და თუნდაც იაპონიიდან ჩამოყვანის გამოცდილება. თუ ამერიკაში მანქანები ისე გაძვირდება, რომ ღირებულება ევროპის და იაპონიის ბაზარს გაუსწრებს, მაშინ, მოხდება სხვა ქვეყნების წინ წამოწევა და ამერიკული ბაზარი კი უკანა პლანზე გადაინაცვლებს. შეიძლება მესამე ქვეყანა არ გახდეს, რადგან საქართველოში დიდი წილი აქვს ამერიკიდან შემოტანილ პროდუქციას და მრავალი წლის პარტნიორობა გვაქვს, მაგრამ ცვლილებები იქნება”, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
საქართველო რომ ამერიკულ ბაზარზე დიდწილადაა დამოკიდებული, ამას მოწმობს სტატისტიკა.
2025 წლის იანვარში საქართველოში 150 995 400 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც წინა წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 23.1%-ით ნაკლებიმ აღმოჩნდა.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის, საიდანაც იანვარში 84,5 მლნ აშშ დოლარის 6675 ცალი ავტომობილი შემოვიდა. მეორე ადგილზეა იაპონია – 21,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 729 ავტომობილით, მესამეზე კი გერმანია – 19,3 მლნ აშშ დოლარის 352 ცალი ავტომობილით.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ იანვარში დაახლოებით 130.0 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გაიყვანა ექსპორტზე, რაც მთელი ექსპორტის 32.2%-ს შეადგენს. ექსპორტის ზრდამ 16% შეადგინა.
2025 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: – 68,6 მლნ აშშ დოლარი – 2 331 ცალი, ყაზახეთი – 37,5 მლნ აშშ დოლარი – 2 108 ცალი, აზერბაიჯანი – 12,2 მლნ აშშ დოლარი – 586 ცალი, სომხეთი – 5,6 მლნ აშშ დოლარი – 215 ცალი, ტაჯიკეთი – 2,3 მლნ აშშ დოლარი – 120 ცალი, უზბეკეთი – 1,9 მლნ აშშ დოლარი – 104 ცალი, – 403 350 აშშ დოლარი – 36 ცალი, პოლონეთი – 371 000 აშშ დოლარი – 4 ცალი, თურქეთი – 262 010 აშშ დოლარი – 23 ცალი, მოლდოვა – 179 270 აშშ დოლარი – 12 ცალი.
ლაშა დარბაისელმა მიმდინარე წლის იანვარში იმპორტის შემცირებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს რეექსპორტს უკავშირდება.
„წინა თვეში იმპორტის შემცირება რეექსპორტმა განაპირობა. თუ არ არის შესაბამისი რეექსპორტი, მაშინ ვერ მოხდება ავტომობილების შესაბამისი შემოყვანა, ანუ იმპორტი.
ზოგადად კი ახალი წლის შემდეგ პერიოდში მყიდველი არ არის გადამხდელუნარიანი. ეს მხოლოდ ავტობიზნეში არ ხდება, ნებისმიერ სფეროში ასეა. რამდენიმე თვე არის ხოლმე საჭირო, რომ ბიზნესმა და მოსახლოებამ სული მოითქვას და დაუბრუნდეს ძველ ტემპს”, – აღნიშნა დარბაისელმა.