გვიან ღამით, ლისის ტბის ასახვევთან “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ კოალიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. მელია სატელევიზიო გადაცემაში – “ორ ცეცხლს შუა“ – მონაწილეობის მიზნით მიემართებოდა.
როგორც კოალიციის პრესსამსახურის წარმომადგენელი მირანდა ბაღათურია ამბობს, მისი ავტომობილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა, ხოლო მალევე ადგილზე დაახლოებით 100-მდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, გამოჩნდნენ. დაცვის წევრებს წაართვეს ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს. მელია ძალის გამოყენებით ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სამარშრუტო ტაქსით წაიყვანეს.
მომხდარს ეხმაურება ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია:
“სასწაულია რაც გააკეთეს, ბავშვი შემეცოდა, სანდრო… ასე ამბობს, კი მაგრამ ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო? ნიკამ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის, ფაქტობრივად, ველოდით მის დაჭერას. მითუმეტეს როცა კაცი დინების წინააღმდეგ მიდის, მას წინააღმდეგობა ყოველთვის ექნება. თუმცა ამ შემთხვევაში, როცა კაცი მიდიოდა გადაცემაზე და გაიტაცეს, ეს არ არის დაპატიმრება. რა საჭირო იყო?! ძალა უნდათ, რომ აჩვენონ. ამ დროს ეს სისუსტეა. ამდენი წლის ექიმი ვარ და ნიკასთვის გირაოს გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა” – ამბობს ანზორ მელია.