ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ყოფილი „კინოთეატრის“ შენობა დაიბრუნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ყოფილი „კინოთეატრის“ შენობა დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, შენობა, რომელიც წლების წინ კინოთეატრს წარმოადგენდა, შემდეგ კი კერძო საკუთრება გახდა ათეული წლების მანძილზე მრავალმხრივი დანიშნულებით ფუნქციონირებდა. ამ შენობაში გარდა უახლეს კინოპრემიერათა ჩვენებებისა, ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის და მასშტაბის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. სისტემატურად ტარდებოდა რეგიონული და საკავშირო სახის ოლიმპიადები, ფოლკლორული კონკურსები და გამოფენები.
„მსგავსი დანიშნულების სივრცის არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობისთვის.
შენობის არქიტექტურა და შიდა სივრცე იძლევა შესაძლებლობას მისი დატვირთვა მოხდეს მრავალფუნქციური დანიშნულებით, მათ შორის, მოეწყოს სამუზეუმო სივრცე, კინოთეატრი, სახელოვნებო, კულტურული და სხვა ახალგაზრდული მულტიფუნქციური სივრცეები“, – აღნიშნულია ამბროლაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.