ამბავი ნანი ბრეგვაძეზე: “როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: “ახლა მე თქვენ გიმღერებთ…” – Marao

ამბავი ზე: “როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: “ახლა მე თქვენ გიმღერებთ…” – Marao
“რამდენჯერ შევხვედრივარ, შორიდან, ახლოდან, სულ ვაკვირდები. არ მახსოვს, როდისმე თავპატიჟი გამოედოს, ან ვინ შებედავს, სთხოვოს. როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: “ახლა მე თქვენ გიმღერებთ…” მიუჯდება როიალს, დაუკრავს და იმღერებს ისე, როგორც ვერავინ სხვა. ალბათ ესაა უდიდესი პროფესიონალიზმი, როცა შენი დიდი ნიჭიერებით ყველას აბედნიერებ, თან ასე დაუნანებლად, დაუფიქრებლად.
და კიდევ ის, რომ ყველა იქ მყოფს ჰგონია, მას უმღერის. ესეც არავის გამოსდის მასსავით”, – წერს სოციალურ ქსელში ბოტანიკოსი, მებაღე ზურა შევარდნაძე გენიალური ნანი ბრეგვაძის შესახებ.
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 88 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
“87 წლის ვარ… ეს ძალიან რთული სათქმელია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი მაწუხებს, ძალიანაც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ეს არ მაჩერებს.
სანამ ომი დაიწყებოდა, ისრაელში ვიყავი, ანალიზები გავიკეთე და ამ ანალიზების მიხედვით 62 წლის ვარ. სასაცილოა, ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ უჯრედის დონეზე ასეა. ძველ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ჩემი თავი არ მომწონდა, განსაკუთრებით, რამდენიმე ფოტოზე. დიდი ხანი რომ გავიდა, ახლა ვფიქრობ, რატომ არ მომწონდა. იმ დროისთვის არც იყო მოსაწონი, მაგრამ წლები რომ გემატება, შენი თავი მოგწონს, ახალგაზრდას რომ უყურებ.
მე საოცრად არაფოტოგენური ვიყავი… ნაოჭი მედარდება, ეს ყველა ქალს აწუხებს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი სახლი სავსე სტუმრებით; ღმერთო, ჩემი შვილები დიდხანს მიცოცხლე, იმდენი ვართ, მაგრამ ძალიან მაკლია სტუმრები. ისეთი სტუმრები არა, ტელეფონზე რომ რეკავენ და მოდიან, ისეთი სტუმრები, კარს რომ გააღებ და სიურპრიზი დაგხვდება. ახლა ასეთი მეგობრობა აღარ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა ადრეც ყველა დაკავებული იყო.
სულ წარსულში ვარ ფიქრებით. უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე… მაგრამ ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიხარია სიცოცხლე. ჩემი რამდენიმე ამხანაგი ხომ შემომრჩა და ვამბობთ ხოლმე, რა ბედნიერები ვიყავით, როგორ კარგად ვცხოვრობდითო“, – ამბობდა მომღერალი.
ნანი ბრეგვაძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.
1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტია. 1980 წლიდან გამოდის სოლო-კონცერტებით.
ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი. იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ, ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.