ამაღლობელი: მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობის შემდეგ რა დამხვდება გარეთ

პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ – ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა, – ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
„სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებული დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის.
არ ვიცი, დღეს თუ ხვალ, როდის გამოიტანთ გადაწყვეტლებას და რამდენად სამართლიანი იქნება. რამდენად ჩამტოვებთ სისხლის სამართლს დანაშაულში სილის გაწვსითვის. არ ვიცი, დაველოდები გადაწყვეტილებას.
საპატიმრო სასჯელის რაოდენობაზე აღარ ვსაუბრობ, გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს დღეს ქვეყანაში …
ერთ-ერთი ადვოკატი გამეხუმრა, დარბაზიდან რომ გაგიშვან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო. ჩავთვალოთ, დარბაზიდან გამიშვით. ვფიქრობ, რომ სახლში მისვლამდე შეიძლება უკან მიმაბრუნონ, იმდენად რეპრესიული კანონებია. სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაპატიმრონ […] კითხვა – „რატომ“ – არ უნდა დავსვათ. იმიტომ, რომ რეჟიმს რაც მოუნდება, გააკეთებს და მოიფიქრებს მიზეზებს.
[…]თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთჯერ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ.
პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ.
დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა … ტანკის გარეშე ს მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება?!
ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზიშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს.
ბრძოლა ბოლომდე!“ – ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში.
მზია ამაღლობელის აღნიშნულ განცხადებას „ბათუმელები“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა გრძელდება. სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. პროკურატურა კი მზია ამაღლობელისათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.