ევროპარლამენტარის, რობერტ ბიედრონის განცხადებით, მზია ამაღლობელი დემოკრატიული წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.
„მზია ამაღლობელი დემოკრატიული წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს. გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელობით, მან დოკუმენტურად აღწერა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და რეპრესიები, რომელთა წინაშეც საქართველოში პროევროპელი მომიტინგეები დადგნენ.
მისი დაპატიმრებით და ორწლიანი პატიმრობით, ის გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტპატიმრი, რითაც წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლებების დამცველი ჟურნალისტები.
2025 წლის ლაურეატები არიან ჟურნალისტები, რომელთაც არსებითი წვლილი აქვთ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, დემოკრატიული სივრცის შესაქმნელად თავიანთ ქვეყნებში. მათი გამბედაობა ასახავს იმ ღირებულებებს, რომლითაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ეს ღირებულებები საყოველთაოა. ისინი უნდა იყოს დაცული ევროკავშირის შიგნით და იგივე სიცხადით უნდა იყოს დაცული ეს ბელარუსსა თუ საქართველში და ნებისმიერ ადგილას, სადაც მოქალაქეები ევროპას დემოკრატიული თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში სოლიდარობის იმედით უყურებენ“, – განაცხადა რობერტ ბიედრონმა.
სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები პატიმარი ჟურნალისტები არიან: „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი და პოლონელ-ბელარუს ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი.




