თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისულ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ჟურნალისტები პროტესტით დახვდნენ. ჟურნალისტები კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ირაკლი კობახიძე იქ ახალი სტადიონის კონცეფციაზე სასაუბროდ მივიდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელი რკინის კარი კი ჩაკეტეს იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ – მათ ხელში ეჭირათ მზია ამაღლობელის ფოტო და ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას“.
ირაკლი კობახიძემ სტადიონის ტერიტორია უკვე დატოვა.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას”. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, – 12 ორგანიზაციასა და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, – საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ 23 იანვარს.
მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.
ფორუმი
