რეჟიმის პატიმრის, ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის მხირდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მწარიაშვილის თქმით, კობახიძე ამაღლობელის მიმართ ცრუ ბრალდებებს აჟღერებს და მოუწოდებს მას, თუ ამის დამამტკიცებელი საბუთები აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართოს.
“დღევანდელი ერთგვარი განცხადებით ვპასუხობ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას რუსთავი 2-ის ეთერში – ბატონი კობახიძის გუშინდელ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მზია ამაღლობელის შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, უკვე მერამდენედ, ბატონმა კობახიძემ, საჯაროდა და დაუფარავად აჩვენა, სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში. მანდ საჯაროდა და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში.
გუშინდელი მისი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმციის უფლებისა, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა, მოგეხსენებათ ევალება მთავრობას, თავად მოსამართლესა და პროკურორს, არა თუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. თავად მოსამართლესა და პროკურორსაც კი ეკრძალება, იქამდე, ვიდრე განაჩენი არ შედგება კანონიერ ძალაში, რაიმე გარემოებებზე ისაუბრონ დადასტურებითა და დარწმუნებით.
მოცემულ შემთხვევაში კი, ბატონი კობახიძის კომენტარები, არა მხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ, ამავდროულად ემსახურებოდა მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას. მინდა კონკრეტულად ვუპასუხო მის ყოველ ფრაზას.
კონკრეტულად, მან თქვა, რომ მზია ამაღლობელმა 1. შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს; 2. მზია ამაღლობელი მოქმედებდა დავალებით, მისი დაკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი; 3. მან ბრძანა, რომ მისი დაკვეთა იყო პოლიციელისთვის ღირსების შელახვა. ამ ფრაზებიდან, ბატონ კობახიძეს მინდა დავუდასტურო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც შეურაცხყოფა.
მისდა გასაკვირად, მინდა მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში, მისი ბრალდება და პატიმრობა გახლავთ უკანონო. მისივე თქმით, მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა, შესაბამისად მას, ასევე მინდა შევახსენო, რომ პატივი და ღირსება არ გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი, არამედ პატივისა და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
დიახ, პოლიციელის შეურაცხყოფა არ ისჯება სისხლის სამართლის წესით, კერძოდ კი მზიას ინკრიმინირებული მუხლით, არამედ შესაძლოა წარმოადგენდეს, მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
კობახიძემ მზიას დააბრალა, რომ ის დაკვეთითა და დავალებით მოქმედებდა. ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დაკვეთით.
ბრალდებისა და პროკურატურის დადგენილებით, წერია რომ მზია ამაღლობელი პირადი მოტივებით მოქმედებდა ბატონი დგებუაძის მიმართ. [..] გარდა იმისა, რომ მზიას ბრალდება არ არის სხვისი დავალებით მოქმედება, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.
შესაბამისად, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არის სიცრუე. თუ კი, ბატონ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან სიმართლე გაახმოვანა და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებლებმა ან პროკურორებმა, მოვუწოდებ, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განამარტება, თუ რა იცის ამ დავალების შესახებ და კონკრეტულად, რა დავალება მიიღო მზია ამაღლობელმა, ვისგან მიიღო და რას შეეხებოდა”, – თქვა მწარიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე.
