,,ამას ვამბობდი იანვარში, ,,ალიასთან” ინტდრვიუში და ახდა ეს პროგნოზი” – რას გვიყვება ვახტანგ მაისაია

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია:
– ბატონო ვახტანგ, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას. ეს რა შეიარაღებისა და ფინანსური დახმარების შეწყვეტას გულისხმობს და რას გამოიწვევს უკრაინისთვის? კოლაფსი ხომ არ იქნება უკრაინული არმიისთვის რუსეთთან ამ დიდ ომში?
–არაფერი კოლაფსი არ იქნება. ამ ომში, სამხედრო რესურსების 40%-ს თავად უზრუნველყოფს. საკმაოდ ძლიერი და უკვე მოდერნიზებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს უკრაინას. ომის პირობებში, ეს კომპლექსი კიდევ უფრო გააუმჯობესა. დარჩენილი 60%-დან, 30% სამხედრო დახმარებას უკრაინა ამერიკისგან ღებულობდა, მეორე 30%-ს კი ევროპის ქვეყნებისგან, ნატო-ს ევროპელი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. უკრაინის დახმარების 3 ძირითადი მიმართულება არსებობს. 1.პოლიტიკური. 2.ფინანსური და ეკონომიკური. 3. სამხედრო –ტექნიკური დახმარება. ამერიკის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია, ომში მყოფი ქვეყანის მოსახლეობას პენსიები, სხვა სოციალური პაკეტები სჭირდება და ისინი არ შეწყვეტილა ერთი დღით. ფინანსური დახმარება ძირითადად ამერიკამ აიღო თავის თავზე. სამხედრო-ტექნიკური დახმარება, ორივე კომპონენტი, მეტწილად ევროპის ქვეყნებიდან მიდიოდა უკრაინაში. ამერიკული წარმოების შეიარაღებას, უმთავრესად ევროპელები აწვდიდნენ უკრაინას. ეს არის „ატაკამსები“ და ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსები „ჰაიმარსები“.
– ამერიკა უკრაინას F 16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს აწვდიდა, რომლებსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებდნენ რუსული თვითმფრინავების თუ რაკეტების ჩამოსაგდებად.
– კი, ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს რამდენიმე F 16 და უკრაინელი პილოტებიც მოამზადეს, მაგრამ ამ ტიპის თვითმფრინავებს უფრო ევროპული სახელმწიფოები აწვდიდნენ უკრაინას, სანაცვლოდ კი ამერიკისგან მეხუთე თაობის საბრძოლო გამანადგურებლებს, F 35-ებს იღებდნენ.„ატაკამსები“ თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს ბრიტანული “შედოუთი“ და გერმანული „ტაურუსებით“, ორივე ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსებია, ორივეს ზუსტი დამიზნებისა და სხვა ჭკვიანური კომპონენტები გააჩნია. აქვე გავიხსენოთ, რომ ფრთოსან რაკეტებზე უკეთ უკრაინელები იყენებენ დრონებს და ამ დრონების 60%-ს თავად აწარმოებენ, დანარჩენს კი ევროპელი მოკავშირეები აწვდიან. “ჰაიმერსებსაც“ ჩაანაცვლებენ ევროპული ქვეყნები ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემებით. მათ გააჩნიათ სამხედრო-ტექნიკური კუთხით, თუ ტრამპმა სამხედრო დახმარება, იარაღის მიწოდება შეუწყვიტა უკრაინას, ეს არ იქნება კატასტროფა. უფრო, ფინანსური და ეკონომიკური კუთხით შეექმნება პრობლემები უკრაინას, თუ ამერიკა მას ფულს აღარ მისცემს. თუმცა, ევროპა თუ მოინდომებს, არც ამ ვაკუუმის ამოვსება გაუჭირდება, უკრაინისთვის საჭირო ფულსაც მოძებნიან და მისცემენ.
მოდით, ისიც ვთქვათ, რომ შეიარაღების მხრივ დიდად სახარბიელოდ არც რუსეთს აქვს საქმე და ისიც სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. რუსეთს აქვს არსენალის გამოფიტვა, ჩრდილოეთ კორეული შეიარაღება არაეფექტური გამოდგა, ირანმა შეუწყვიტა დამტყმელი კომპონენტების მიწოდება, მათ შორის, დრონებისა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა და ირანმა სამხედრო-სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმეს.
ეს არის ექსკლუზიური ინფორმაცია „ალიასთვის“
ჯერ არც ერთი მხარე ოფიციალურად არ აცხადებს, რომ ირანი აღარ ეხმარება რუსეთს. ამ შემთხვევაში, პარიტეტი რუსეთსა და უკრაინას შორის ერთგვარად შენარჩუნებულია. ს სამხედრო ქსელებს გავეცანი და თავადვე აღიარებენ, რომ ძალიან გაუჭირდებათ ნიკოლაევის, ოდესის, დნეპრის, ხარკოვის და სხვა ქალაქების აღება. რუსებმა სრულად იმ ქალაქების ტერიტორიებიც ვერ აიღეს, რომლებიც როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები, რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანა – ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟიე. მეტიც, უკრაინამ იქით მოახდინა კურსკის ოკუპაცია და უკვე მრავალთვიანი მცდელობის მიუხედავად, კურსი ვერ გაათავისუფლეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო ძალებმა. 1300 კილომეტრიანი ფრონტია გადაჭიმული და როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, გაურკვეველია, ვის ხელშია სამხედრო ინიციატივა.
„ალიას“ იანვარში ვუთხარი, რომ მიუხედავად ტრამპის დიდი მონდომებისა, ამ ეტაპზე სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა
რადგან პუტინი ბევრს მოითხოვდა ომის დასრულების სანაცვლოდ და ამ პირობებს უკრაინა არ მიიღებდა. მაქსიმუმ, შესაძლოა, მოკლე დროით ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწიათ. ეს საკითხი კი ჯერ ისევ დგას დღის წესრიგში. ასეც მოხდა, ჩემი პროგნოზი გამართლდა.
– შესაძლოა, ტრამპმა შეიცვალოს პოზიცია და არ შეუჩეროს უკრაინას დახმარება?
– ტრამპი არის შესანიშნავი მანიპულატორი. თეთრ სახლში,მსოფლიო მედიის თანდასწრებით, შეეცადა ზელენსკის, ასე ვთქვათ, მიჯირყვნას, რაც არ გამოუვიდა. ტრამპა ზელენსკის ვერ მისცა უსაფრთხოები გარანტია უკრაინული მინერალების სანაცვლოდ. ტრამპმა ვერ დაიყოლია ზელენსკი კაბალურ პირობებზე და ამით შეურაცყოფილი კიდევ ტრამპი დარჩა. კი, ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ამავდროულად, ტრამპმა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა ყველა ის სანქცია, რაც რუსეთს დაუწესა ამერიკამ. დამატებით, დაასანქცირა რუსეთის 170 ტანკერი, რომლითაც რუსები ნავთობსაწვდიდნენ ინდოეთს, ჩინეთს და სხვა ქვეყნებს. ამით, კიდევ სხვა ქმედებებით, ტრამპმა რუსეთს გადაუკეტა ძალიან ბევრი არხი, საიდანაც არალეგალურად ჰყიდნენ ნავთობს და „შავი ფული“ შესდიოდათ. ვფიქრობ, ტრამპი შეეცდება, დაიყოლიოს პუტინი და რაღაცები დაათმობინოს. მე ვფიქრობ, ამაზე პუტინი არ წავა და ტრამპი ბოლოს იძულებული გახდება, რომ ევროპელი მოკავშირეების პოზიციას დაუბრუნდეს რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებაში, სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუგერძელოს უკრაინას, რადგან ზელენსკისთან კონფლიქტის შემდეგ, თავად ხედავს, რომ ევროპელი მოკავშირეები მის მხარეს აღარ დგანან და ცალსახად ზელენსკის პოზიციას იჭერენ, რომ ვიდრეუ კრაინას არ ექნება მყარი გარანტიები, რომ რუსეთი აღარ დაესხმება თავს, მანამდე ომის შეწყვეტას აზრი არ აქვს.
–ამერიკის კონგრესმა 61 მილიარდიანი დახმარება რომ დაუმტკიცა უკრაინას, ამ დახმარების შეჩერებაც შეუძლია ტრამპს?
– ეს დახმარება იყო პრეზიდენტ ს ინიციატივა და გეხსომებათ, ძლივს შეჯერდნენ „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ კონგრესმენები, ვიდრე ეს დახმარება დაამტკიცეს. ამ 61 მილიარდის უდიდესი ნაწილი უკვე გადაეცა უკრაინას და წელს, აპრილში სრულად მთავრდება მისი ათვისება. ამ დახმარების რაც დარჩა, იმ ნაწილის გაყინვა ან შეწყვეტა, ტრამპის მოთხოვნის საფუძველზე კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს და არ ვფიქრობ, რომ კონგრესი ამას გააკეთებს. მარტო „რესპუბლიკელების“ ხმები ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ეყოფა და არც ერთი „დემოკრატი“ კონგრესმენი ამას მხარს არ დაუჭერს. თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, არა ერთი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი დადგა ზელენსკის მხარეს და დაგმეს ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის საქციელი. მოკლედ, დარჩენილი სამხედრო დახმარების გაუქმებას ყველა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენიც კი არ უჭერს მხარს.გარდა მაგისა, ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, პრეზიდენტ ტრამპს აუკრძალა უკრაინისთვის იმ ფინანსური დახმარებების შეწყვეტა, რომლების ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას გადაწყდა. ეს, ფაქტიურად, ვეტოა ტრამპისთვის, ის ბაიდენის და კონგრესის გადაწყვეტილებებს ვერც კი გადახედავს, არათუ შესცვლის. ის იყენებს ტექნიკურ საშუალებებს, მანიპულაციებს, რომ იქნებ როგორმე შეაჩეროს ეს დახმარებები, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გადაახტება. ტრამპს, ასევე აქვს სერიოზული პრობლემები შეიარაღებულ ძალებში, სადაც წმენდა განახორციელა. მას ყოფილი და მოქმედი გენერლები დაუპირისპირდნენ და ამის მიზეზი ერთის მხრივ, ეს წმენდაა და მეორეც, ამერიკის წინაშე ეს დიდად დამსახურებული ხალხი, ერაყისა და ავღანეთის ომებში ნაბრძოლი გენერლები, კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, ტრამპმა თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას ამ ომში რუსეთის სასიკეთოდ. „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების გარდა, ბევრი თანაპარტიელი გუბერნატორი დაუპირისპირდა ტრამპს. „დემოკრატებზე“ აღარაფერს ვამბობ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ტრამპის ჩასაძირად. მოკლედ, გარეთაც და შიგნითაც შეირყა ტრამპის რეპუტაცია, უკრაინის ფონზე განიცადა ფიასკო. ამ ყველაფრის გადასაფარად, ტრამპმა ახლა მექსიკაზე გადაიტანა ყურადღება. მექსიკური ნარკოკარტელები ხომ გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციებად და ახლა მექსიკისკენ დაძრა ჯარი. შესაძლოა, მექსიკის ინტერვენციაც მოახდინოს, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით. მექსიკა შეიძლება გახდეს ტრამპის პოლიტიკის ერთგვარი ტრიგერი. ეს თუ გააკეთა, მარტო მექსიკას კი არა, მთელ სამხრეთ ამერიკას გადაიკიდებს.
-მარტო მექსიკა? კანადის შეერთება და ამერიკის შტატად გადაქცევაც ხონ უნდოდა.
-კი, ბევრი რამ უნდა ტრამპს, მაგრამ კანადის ამერიკასთან შეერთება გამორიცხულია. იმდენი გაუთვლელი, არასწორი ნაბიჯი გადადგა ტრამპმა, ამერიკა იზოლაციაში მოაქცია. ისე გამოვიდა, რომ ჯერჯერობით, ტრამპი ვერც ერთ თავის წინასაარჩევნო პირობას ვერ ასრულებს. ვერც გრენლანდია ვერ დაათმობინა ს, ვერ კანადა ვერ გახადა ამერიკის ნაწილი, ვერც პანამის არხზე დაამყარა კონტროლი და ვერც რუსეთ-უკრაინის ომი შეწყვიტა, არადა, ერთ კვირაში აპირებდა ამას. ახლა დარჩა ორი ვარიანტი-მექსიკა და ახლო აღმოსავლეთი. უნდა, რომ ისრეალსა და პალესტინას, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ხანგრძლივი მშვიდობა დაამყაროს.
– აგერ ისარაელის პრემიერ, დაეთანხმა ტრამპის სამშვიდობო გეგმას.
– ნეთანიაჰუ კი დაეთანხმა, მაგრამ მთავარია, რას იტყიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და თავად პალესტინა რას იტყვის. თუ არაბული სახელმწიფოები არ დასთანხმდნენ, არაფერი გამოვა. თან, ამ გეგმით, მარტო პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდობა არ წყდება, აქ ლაპარაკია, არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის მშვიდობაზე.
– პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოსწრებულად აღნიშნა: პარადოქსია, 500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, რომ მათ დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგანო. დიდ ბრიტანეთში ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა შედგა, ყველამ მხარი დაუჭირა უკრაინას და ყველა სახის დახმარებას დაპირდნენ. ასევე, ევროპის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაზრდიან სამხედრო ხარჯებს, თუ ამერიკა მათ გვერდში არ იქნება, რუსეთთან პირისპირ მომზადებულნი რომ იყონ. მგონი, ტრამპმა ერთი კარგი საქმე გააკეთა-ევროპის მილიტარიზაცია დაიწყება და რუსეთი იოლად ვეღარ დაჩაგრავს, თუნდაც ევროპის შედარებით სუსტ ქვეყნებს. თქვენ რას იტყვით?
– კი, ევროპა გამოცოცხლდა, სერიოზულად აპირებენ სამხედრო ხარჯების გაზრდას და მიხვდნენ საბოლოდ, რომ ერთადერთი საფრთხე მათთვის რუსეთის დიქტატარული რეჟიმისგან მოდის. ამერიკის გარეშეც გაუმკლავდება ევროპა რუსეთს.
-ევროპა შექმნის საკუთარ სამხედრო ბლოკს?
-ეს თუ მოხდა, მალე არ მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში დაინიშნა კომისარი თავდაცვის საკითხებში, კუბილიუსი. „ვაიმარის სამკუთხედს“– პოლონეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შეუერთდა დიდი ბრიტანეთი. ეს უკვე იმის სიმპტომებია, რომ ევროპის ქვეყნები სერიოზულად ფიქრობენ სამხედრო ბლოკის შექმნაზე. ვფიქრობ, ამ პროცესს დააჩქარებს ტრამპის გადაწყვეტილება, რომ ევროპაში არსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტი უნდა შეამციროს. შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში საკუთარი ბაზებიც დახუროს, მისგან აღარაფერი გამიკვირდება. კი, ტრამპმა საბოლოოდ კარგი საქმე გაუკეთა ევროპას – საკუთარი რესურსებით მიხედავენ თავიანთ უსაფრთხოებას.

ასევე დაგაინტერესებთ