ქართული ოცნების დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ წალენჯიხაში, იქ, სადაც ოპოზიციური ადგილობრივი მმართველობაა, არაფერი გაკეთებულა.
ცნობისთვის, გია ხარჩილავა, წალენჯიხის არჩეული მერი, – გარდაცვლილია.
წალენჯიხიდან თენგიზ შარმანაშვილს უპასუხა, ჟურნალისტმა ბერდია კალანდიამ და ჩამოუთვალა 31 რამ, რაც გაკ,ეთდა ბოლო წლებში, იქვე, ცხადია, მოიკითხა, სად გუგუნებს ბიძინა ივანიშვილის დაპირებული ქარხნები.
პასუხად, თენგიზ შარმანაშვილმა დაწერა, რომ ხაზარაძეს ხაბეიშვილმა დაუძახა ის ცუდი სიტყვა, ბ–ზე რომ იწყება და რომ ვერ გაიმეორებს და როგორც წერს, გამოიჩინა კეთილი ნება და ხოშტარიაზე და მის ამფსონებზე აღარ დაამატა, თუმცა, თუ ქვეყანა იღუპება, რა დროს კეთილი ნებაა, დაამატეთ ეგაც, ბატონო თენგიზ.
რატომ გაახსენდა თენგიზ შარმანაშვილს ბიძინა ივანიშვილის დაპირებებზე ის ცუდი სიტყვა, – უცნობია.
ასევე, თენგიზ შარმანაშვილმა, თავის პასუხში დაწერა, რომ რადგან პოლიტიკური ოპონენტია, “სკეპტიკურად უყურებს “მიღწევებს” წალენჯიხაში”, ოღონდ, იმის თქმა დაავიწყდა სავარაუდოდ, რომ იგი ე.წ. მმართველი გუნდის წევრია და წესით, იმის ცოდნა ევალება, რა გაკეთდა წალენჯიხაში. არც ის უთქვამს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ, ვალდებულია, მას მერე შეაფასოს საქმე, როცა ნახავს და გაეცნობა.
გამომდინარე იქედან, რომ “ალიამ” ბერდია კალანდიას პასუხი გამოაქვეყნა, თენგიზ შარმანაშვილმა თავისი გვერდიდან მოგვმართა, რომ ობიექტურობისთვის, მისი წერილიც გამოგვექვეყნებინა. ასევე, რედაქციას ოთხჯერ გამოუგზავნა საკუთარი წერილის ლინკი.
ობიექტურობას “ალიას” ვერ დაგვიწუნებთ ნამდვილად, ობიექტურობისთვის გეტყვით, რომ მაგალითად, მონა მოსამართლეებზე წინა ხელისუფლების დროს რომ იწერებოდა “ალიაში”, თან არა წინა ხელისუფლების ბოლო წლებში, არამედ მისი ზენიტის პერიოდისას, – იგივე მოსამართლეებზე მონის დაძახება აკრძალა ქართულმა ოცნებამ.
ობიექტურობისთვის, გეტყვით, რომ ისიც მოვისმინეთ, თეა წულუკიანმა როგორ თქვა თქვენზე, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იფრთხილონ თქვენზე ცუდის თქმა, რადგან ბევრი მომხრე გყავთ და ისიც ვნახეთ, რომ ამ კონკრეტულ პოსტზე, ორი კომენტარიდან, ერთი გარდაცვლილი გია ხარჩილავას სახელის შებღალვის მცდელობისთვისაა დაწერილი.
ობიექტურობისთვის, ისიც ვნახეთ, ციხეში მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ რომ თქვა თქვენზე: “ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.”
ცხადია, იგივე ობიექტურობისთვის, თქვენი პასუხიც ვნახეთ, სადაც ჯერ იმას წერთ, რომ კარგი მადა აქვს ზურაბ ჯაფარიძეს, ოღონდ, ვერ შეირგო და ბოლოს კი დაუწერეთ, რომ პატიმართან კამათი თქვენს წესებში არაა. ოღონდ, თუ თქვენი პასუხი პასუხისთვის არ დაიწერა, მაშ, რისთვის და მაშ, სხვა რაა შეკამათება?
ობიექტურობისთვის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გია ხარჩილავა რომ ცოცხალი იყოს, – გიპასუხებდათ.
თენგიზ შარმანაშვილის ის წერილი, რომლის გამოქვეყნებაც გვთხოვა:
მომხედე, პატივცემულო ბატონო ! მეათე პუნქტი წაიკითხე საკუთარი მიღწევების ჩამონათვალისა, რომელიც ასევე საკუთარი ხელით დაწერე. ხაზარაძესთან ერთად გავაკეთეთო, ამბობ. ხაზარაძეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხაბეიშვილი, იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, იცი რას ეძახის ? სიტყვა ბ ასოთი იწყება და აქ ვერ გავიმეორებ. დანარჩენი ნაცმოძრაობა ხან მის კომკავშირულ წარსულზე საუბრობს საჯაროდ, ხანაც მოღალატეს უწოდებს. ხოშტარიაზე და მის ამფსონებზე აღარ დავამატებ. არ იცი ამის შესახებ ? იცი. რატომ არ უპირისპირდები ? ამ წალენჯიხისთვის დამსახურებული კაცის ტალახში თრევას რატომ არ იმჩნევ ? პასუხი მაქვს, მაგრამ არ ღირს უფრო სიღრმეებში წასვლა. ჰოდა, მე რას მიყურებ, კაცს, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, პოლიტიკური ოპონენტია და სკეპტიკურად უყურებს თქვენ ,,მიღწევებს” ? დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას, გამახსენდა ეს ფრაზა ცნობილი ქართული ფილმიდან. ახლა დავჯდები და დავაკვირდები, როგორ დაიცავ პარტნიორს აღმშენებლობის საქმეში და მერე ჩამოვიყალიბებ ჩემ დამოკიდებულებას თქვენ გულწრფელობაზე. ამას ,,ალიას” რედაქციას ჩავუგდებ, ვინძლო ესეც გამოაქვეყნონ ობიექტურობისთვის.
ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
Tengiz Sharmanashvili პასუხის პასუხი. ბატონო თენგიზ, ჩემი საქმე არც პოლიტიკოსებთან დაპირისპირებაა და არც მათი დაცვა, სანამ ვინმე იმ წითელ ხაზს არ გადაკვეთს, რომელიც ყველა ურთიერთობაში არსებობს. პოლიტიკოსები ერთმანეთში თავად გაერკვევიან, ვინ ვის რას დაუძახებს, ვინ ვისთან დადგება და ვინ როგორ არჩევანს გააკეთებს, მათი გადასაწყვეტია, მედიას კი არა პოლიტიკოსთა ქება ან დაცვა, არამედ იმის გაშუქება ევალება, რაც მიმდინარე პროცესში ხდება. მამუკა ხაზარაძეს ჩემი დაცვა არაფერში სჭირდება, რაც გაუკეთებია, იმას კი ვერ დავუკარგავ იმის მიუხედავად, როგორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ამ პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია მაქვს და ეს აისახება ჩემს განწყობაზე ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის, გაერთიანების მიმართ.
