18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
“Clooney Foundation for Justice-მა დღეს გამოაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს, გეგმავს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს.
ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ონლაინ მედიაპლატფორმები “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი”, 11 იანვრის საღამოს დააკავეს, როდესაც მან ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ღობეზე განათავსა სტიკერი, რომელიც საერთო გაფიცვისკენ მოუწოდებდა – ჟესტი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის მხარდასაჭერად გაკეთდა. 12 იანვრის პირველ საათებში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, როდესაც შეკრებილმა ადამიანებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ამ დაპირისპირების შედეგად, ის იმავე წუთს ხელახლა დააკავეს მუხლით – “საჯარო წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა ან ძალადობა” (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი). მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და გირაოს მოთხოვნა უკვე სამჯერ უარყვეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ განიხილა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.
ასევე გავრცელდა ცნობები, რომ დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსმა ამაღლობელს სიტყვიერი მუქარა შეუყენო და შეაფურთხა. ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად და საქართველოში დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის გასაპროტესტებლად შიმშილობა გამოაცხადა და 38 დღე უარს ამბობდა საკვების მიღებაზე.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებულ მასობრივ პროტესტებზე ხელისუფლების რეაქციამ – რომელიც პოლიციის ძალადობას, დაკავებულთა არასათანადო მოპყრობას და ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნას მოიცავს – საერთაშორისო კრიტიკა და შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს მედიას, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დაადასტურა 90-ზე მეტი ინციდენტი, რომელთა დროსაც სამართალდამცავები ფიზიკურად ან სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ მედიამუშაკებს ან ხელს უშლიდნენ მათ საქმიანობას.
TrialWatch ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოამზადებს ანგარიშს, სადაც შეფასდება საქმის სამართლიანობა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების მიხედვით.
Clooney Foundation for Justice-ის TrialWatch-ის ინიციატივის შესახებ
TrialWatch უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას დაუსაბუთებლად დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, რათა უზრუნველყოს მათი გათავისუფლება და დაიცვას სიტყვის თავისუფლება.
Clooney Foundation for Justice-ის შესახებ
CFJ სამართლებრივ ბრძოლას აწარმოებს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში. მისი საქმიანობის შედეგად ათობით ჟურნალისტი გათავისუფლდა, ხოლო ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული დახმარება საკუთარი უფლებების დასაცავად”, – წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ,
