ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს – მოისროლეს ლევან ხაბეიშვილის ხელით და უკან პანღური მიაყოლეს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, პარტიაში ფანჯრიდან გადაძრომას ცდილობდა.
ღუდუშაური მელიას „უთავმოყვარეოსა“ და „უპრინციპოს“ უწოდებს.
„წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია „პუფი“ ვუწოდოთ. ის თუ ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ „პუფზე“, ჩვენი საზოგადოება ამასაც მალე ნახავს. კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა, რომ მას ვერავინ დაიჭერდა და შემდეგ მის თავს კანონმდებლობა ძალიან კარგად აღსრულდა. ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, მაგრამ გირაოს პირობა მიიღო და საპატიმროდან გამოვიდა. ამის შემდეგ ილანძღებოდა და იძახდა, რომ ოპოზიციიდან ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტში შევიდოდა, „პუფი“ იქნებოდა, მაგრამ მელია პარლამენტში პირველი შემოვარდა. ამ უპრინციპობისა და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზული პოლიტიკური განაცხადი შეიძლება გააკეთოს ნიკანორ მელიამ?!“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.