ალუდა ღუდუშაური – ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლებას მოქმედებებს ეხება, ვისურვებდი, რომ კონკრეტული იყოს და ამ სიტყვებისა და კრიტიკის მიღმა, არ იყოს სიცარიელე

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლებას მოქმედებებს ეხება, ვისურვებდი, რომ იყოს კონკრეტული და ამ სიტყვებისა და კრიტიკის მიღმა, არ იყოს სიცარიელე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც -ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ღუდუშაურის თქმით, იმ ადამიანების მომავალი საქართველოში, რომლებიც „თავის ფოკუსს სხვაგან ასწორებენ და საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებიან, დასრულებულია“.
„უპირველესი არის საქართველო და ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ნებისმიერი მოქალაქე, არათუ პოლიტიკოსი, ვინც ამ ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს არ ემსახურება; რომელიც ამ ინტერესისგან განსხვავებით დადის და თავის ფოკუსს ასწორებს სხვაგან, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, იმ პირის მომავალი არის დასრულებული, წერტილი.
ახლა მეორე, ჩვენ ამ პოლიტიკოსებისგან ქვეყნის ინტერესებზე პირდაპირი შტურმი გვახსოვს, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ იმსახურებს ეს ქვეყანა, თურმე შავი ხვრელია. ამ პირების პოლიტიკური მომავალი ამ ქვეყანაში არის დასრულებული. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი და ჩვენ ამ პირების პოლიტიკურ მომავალს დავასრულებთ ერთად, სრულად სამართლიანად და ლეგიტიმურად. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლებას მოქმედებებს ეხება, ვისურვებდი, რომ იყოს კონკრეტული და ამ სიტყვებისა და კრიტიკის მიღმა, არ იყოს სიცარიელე; იყოს კონკრეტული მტკიცებულებები. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან მალე იქნება, როცა ჩვენი მოძმე უკრაინელები სამართლიან მშვიდობას მიაღწევენ და დაასრულებენ საომარ მოქმედებებს ოკუპანტ რუსეთთან, იმ წუთსავე, ჩვენი ქვეყნის მიმართ გაცხოველებული ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოქმედებები იყოს მკვეთრი და ასე ვთქვათ, უფრო სხვაგვარი, ძალიან მალე შეიცვლება, პრაქტიკულად, მეორე დღესვე. ამიტომ, ქართველ ხალხს მინდა მივმართოთ, რომ ვიყოთ მშვიდად, დაკვირვებით და ყურადღებით“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გამოეხმაურა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ „თუ მან მის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მიმართ გამოიყენა სიტყვა „განსჯა“, მას ამის უფლება არ აქვს“.
„ამერიკა და ამერიკელი ხალხი არის ჩვენი საერთაშორისო, ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, თუმცა როგორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყო, მგონია, რომ არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვა განსჯა. არ ვიცი, მე არ მომისმენია ინგლისური პირდაპირი გამოსვლა [მეთიუ მილერის] და თუ ეს ასე იყო და გამოიყენა სიტყვა – განსჯა, ჩვენი მსაჯული არის ჩვენი ხალხი და ღმერთი. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება სხვა მსაჯული. ასეთი მსაჯულები კომუნიზმის დროს რუსეთში იყვნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონ მილერს ძალიან კარგად ესმის, მაღალი დემოკრატია იმას გულისხმობს, რომ შეფასებები, თავისი აზრის ქონა და მოქმედებები, სხვა საკითხია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, მილერის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან ნათელი გახდა, რომ „საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით“.