ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“ – დასრულდებით კი არა, უარეს დღეში ხართ – სანამ პირში სული მიდგას, ჩემს ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასდროს მოვლენ

სანამ პირში სული მიდგას, ჩემს ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასდროს მოვლენ, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილება 2006 წლის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, რა დროსაც 3 ახალგაზრდა დაიღუპა.
სხდომაზე მიწვეულია ერთ-ერთი დაღუპულის, მარად ართმელაძის მამა, მიხეილ ართმელაძე. მისი თქმით, სპეცოპერაციისას მისი შვილი და სხვა ახალგაზრდები მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, კუდი-ს ხელმძღვანელმა, დათა ახალაიამ თავის თანამშრომლებთან ერთად მოკლა.
სწორედ მიხეილ ართმელაძის მიერ, სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„დასრულდებით კი არა, უარეს დღეში ხართ [„ნაციონალური მოძრაობა]… ადამიანებმა სათითაოდ ხელი უნდა გააყოლონ და ნახონ, ვინ უდგას ამათ გვერდში. მკვლელს, დიახ, მკვლელს რომ გვერდში დაუდგები, დღეს რომ კიდევ რაღაცას ბედავ და იქით აბრალებ და რაღაცაზე პრეტენზია გაქვს… რა პოლიტიკის კეთებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ, როცა ოჯახები გაანადგურეს?! სანამ პირში სული მიდგას, ჩემს ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასდროს მოვლენ. ჩვენ, მე პირადად გპირდებით და გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არასდროს დაბრუნდეს ეს ყველაფერი. გინახავთ ჭირისუფალი, მამა, დედა, თქვე არაკაცებო? და როცა ამ ადამიანებს ნახავთ, შემდეგ გამოდით და თქვით, რა პოლიტიკაზეა ლაპარაკი. ბოდიშებს უნდა იხდიდეთ“-განაცხადა ღუდუშაურმა.
მან ასევე, განაცხადა: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბოროტება არამც თუ დაბრუნდეს, არამედ იოტისოდენა ძალაუფლება არ ჰქონდეთ მაგათ“.