ბევრი რამ არ გახსოვთ და თხოვნა იქნება, გაიხსენოთ, გონება დაძაბოთ და გაიხსენოთ ,- ასე მიმართა პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა შს ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც კომისიას 20 ივნისის საქმეზე კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, გახარია მაშინ პარლამენტის წევრებისგან ითხოვდა მკაფიოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ნიკა მელიასთვის მანდატის მოეხსნათ.
„უმრავლესობის შეხვედრაზე, სადაც თქვენ ბრძანდებოდით, ასეთი სტატუსით იყავით – თქვენ ჩვენგან ითხოვდით, მაშინდელი პარლამენტის წევრებისგან, რომ მოგვეხსნა იმუნიტეტი [ნიკა მელიასთვის], იურიდიულ კომიტეტზე უნდა გასულიყო საკითხი, სადაც მსჯელობა უნდა ყოფილიყო, მხარი უნდა დაგვეჭირა და შემდგომ უკვე სესიაზე ყველას უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება. თქვენ მკაფიოდ ითხოვდით, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო.
თქვენ იძახდით, რომ ამას ახლა გავაკეთებთ, ან ამ ფორმით გავაკეთებთ, ან არა და ხელისუფლებისგან უნდა წავიდეთ და სახელმწიფომ ფუნქცია უნდა დაკარგოს. ადასტურებთ, რომ ეს ასე იყო?“,- ჰკითხა ღუდუშაურმა გახარიას, რაზეც გახარიამ უპასუხა:
„სამივეს ცალ-ცალკე დაგიდასტურებთ, რომ დღესაც ასე ვფიქრობ“.
გახარიას ამ პასუხის შემდეგ ღუდუშაურმა მიმართა: „თქვენი მხრიდან ვიყავით თუ არა უღირსი საქციელის მსხვერპლი?“
„გვიან საღამოს, როდესაც სხდომა დასრულდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუხსნით იმუნიტეტს [ნიკა მელიას] და შემდგომ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ამას აღასრულებს. ამაზე შევთანხმდით. დილით ტელევიზორს ვრთავთ და ვიგებთ, რომ თქვენ მიდიხართ, აკეთებთ განმარტებას, რის გამო მიდიხართ და შემდეგ უკვე ეს მიზეზიც შეცვალეთ, რეალურად ეს არ იყო მიზეზი, სხვა რამის გამო წავედიო. თქვენი მხრიდან ვიყავით თუ არა უღირსი საქციელის მსხვერპლი?“,- აღნიშნა ღუდუშაურმა.
ამასთან დაკავშირებით გახარიას, პასუხი იყო რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ თუ რა მოხდა იმ შეხვედრის შემდეგ და დილამდე.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში ვეთანხმებით, თქვენი პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თუ რა მოხდა იმ შეხვედრის შემდეგ და დილამდე. წარმოდგენა არ გაქვთ, ამიტომ ჩემთვის თქვენი შეფასებები, ამ შეფასებაზე არ ვბრაზდები. მე და თქვენ, შეიძლება, ბევრ რაზე ვიდავოთ – ჩორჩანა და კიდევ ბევრ რამეზე, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თქვენ ახლა ისეთ რამეზე საუბრობთ, რომლის მხოლოდ და მხოლოდ 30%-ს ხედავთ , დანარჩენ 70%-ს ვერ ხედავთ და აკეთებთ, საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს. როგორც მინიმუმ, არასწორი ხართ“,- აღნიშნა გახარიამ.
თავის მხრივ, ამაზე ღუდუშაურმა უპასუხა, რომ გადადგომამდე გახარიას შეეძლო გუნდი შეეკრიბა და გაეფრთხილებინა.
„თუ რადიკალურ გაცხადებებს ვაკეთებთ, სად არის რადიკალიზმი? მაშინ უნდა გვითხრათ ეს ყველაფერი. ხომ შეგეძლოთ, გუნდი შეგეკრიბათ და გუნდისთვის გეთქვათ“, -აღნიშნა ღუდუშაურმა.
ამაზე, გახარიამ ასე უპასუხა: „შეგეკრიბათ კი არა , ვაპირებდი. რა თქმა უნდა, ვაპირებდი“.
„თქვენი კითხვიდან ყველაზე რელევანტური რა არის?! მე, რომ ვთქვი გადადგომის დროს, რაც ვთქვი, მხოლოდ და მხოლოდ, სახელმწიფოს, ინსტიტუტებს და გუნდს გავუფრთხილდი , სხვას არაფერს, ამის იქით თქვენ თუ კითხვები გექნებათ, რომელიც დაადასტურებთ იმას , რომ თქვენ სიმართლე გაინტერესებთ იქ, რაც მოხდა მე, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ“, – აღნიშნა გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს მიმართა, რომ თუ კითხვებს სამართლიანად, კეთილსინდისიერად და ნეიტრალურად დასვამდნენ, ყველაფერზე უპასუხებდა.
„თქვენ რაც გააკეთეთ ჩემი ამ კომისიაზე დაბარებით, მომეცით შესაძლებლობა, თავი დავიცვა იმ ბრალდებებისგან, რომელსაც წლების განმავლობაში ვითმენდი. ვთვლიდი, რომ ეს თმენის ვალდებულება მაქვს ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე, რომ საქმე არ დავაზიანო. არაფერი გამიკეთებია გადადგომის შემდეგ, არცერთი რამ არც ერთხელ, არსად, არავისთან არ გამომიყენებია ის ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც მქონდა. ახლა თქვენ რასაც აკეთებთ, თუ ამ კითხვებს დასვამთ სამართლიანად, კეთილსინდისიერად და ნეიტრალურად, ყველაფერზე გიპასუხებთ. მერე საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვის, როგორი მორალური პიედესტალიდან ესაუბროს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა გახარიამ.
განცხადების საპასუხოდ, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა, რომ კითხვების დასმას ცდილობენ.
„სხვა როდისღა შევხვდებით ჩვენ, თუმცა, მაისში კი შემოხვალთ [პარლამენტში] “, – განაცხადა წულუკიანმა.
„ვფიქრობ, მანამდე დაკითხვებზე დამიბარებთ. უკვე საქმეები აღმიძარით“, – მიმართა გახარიამ წულუკიანს.
ამ განცხადების შემდეგ, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას უპასუხა:
„ერთხელ გნახეთ, ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით“.
