„ალტ ინფო“ არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიით მიიღებს – მახარაძე

პრორუსული და ძალადობრივი „ალტ ინფოს“ ერთე-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის მეშვეობით მიიღებენ.
ამის შესახებ მან „ალტ ინფოს“ ეთერში ისაუბრა.
როგორც მახარაძე აცხადებს, „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკებები მიდის სხვა „კონსერვატიულ ძალებთანაც“, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის „დიდ ეროვნული ერთობაზე“ შეთანხმება მოხდეს.
„ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო იყო პარტია, რომლის გაუქმებაც მათ არ შეუძლიათ. დღეს ასეთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურადაც არის თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა და არაფრის შეგროვება არ სჭირდება, არც ხელმოწერები. უკვე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია.
ჩვენ „პატრიოტთა ალიანსთან“ გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები. მათი ხედვაც არის, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ჩვენს და მათ შორის ფუნდამენტური და პრინციპული შეთანხმება უკვე შედგა. დეტალებზე მიდის მუშაობა. სხვა კონსერვატიულ ძალებთანაც მიდის მუშაობა.
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში და მარტო ჩვენ არა. კონსერვატიულ ფლანგზე ვინც არის მეტ-ნაკლებად წონიანი, მართლა კონსერვატიული ძალა, გაერთიანდება და „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის მეშვეობით ეს დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს არჩევნებზე მონაწილეობას“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.
საჯარო რეესტრის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.
რეესტრის გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მიიღეს მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს პარტიის რეგისტრაციის კანონიერება.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიად რეგისტრაცია ზურაბ მახარაძემ 2021 წლის 21 ნოემბერს მოითხოვა, თუმცა რეესტრმა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა, რისი გამოსწორებაც პარტიას დაევალა.
კერძოდ, რეესტრის მიხედვით, პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას არ ახლდა გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეული გიორგი ქარდავას ხელმოწერა, პარტიის ემბლემის აღწერილობასა და წარდგენილ ესკიზებში იყო შეუსაბამობები, სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე — ამავე წესდების მიხედვით კი დოკუმენტზე ყრილობის ყველა მონაწილის ხელმოწერა იყო საჭირო, ასევე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას.
როგორც საჯარო რეესტრი 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაში წერს, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ხარვეზების გასწორების მიზნით პარტიამ რეესტრში 2021 წლის დეკემბერში წარადგინა განახლებული დოკუმენტაცია, პარტიის წესდებას კი ხელს აწერდა ყრილობის თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.
თუმცა, როგორც საჯარო რეესტრი აცხადებს, 2021 წლის დეკემბერში წარდგენილი დოკუმენტაცია სამართლებრივად არ იყო გამართული.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა“ ,— აცხადებს საჯარო რეესტრი.
მათივე განცხადებით, „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით“, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარტიის რეგისტრაცია გააუქმა.
აღნიშნულის შემდეგ, „ალტ ინფოს“ ორგანიზებით თბილისში აქცია გაიმართა. აქციაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ქართული იდეა“, რომელიც წინა არჩევნებში იღებდა მონაწილეობას მათ პარტიას უთმობდა.
თუმცა 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა დაიწყო პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა. როგორც ზურაბ მახარაძე აცხადებდა, რეესტრმა მათი ხალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ