ალტ-ინფოში რიტორიკა შეცვალეს და მხარდაჭერას უცხადებენ “ოცნებას” რუსული კანონის მიღების საქმეში

პრორუსული გაერთიანების, “ალტ-ინფოს” რიტორიკა “ქართულ ოცნებასა” და რუსულ კანონთან დაკავშირებით, მისი მიღების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა.
ამ კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მისი საწინააღმდეგო პროტესტის პარალელურად, ისინი “ქართული ოცნების” მიერ ამ კანონის დღის წესრიგში დაყენებას დიდად მნიშვნელოვან საკითხად არ მიიჩნევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მმართველი პარტია “ალტ-ინფოს” პოლიტიკურ ველზე იჭრებოდა, ანუ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობდა.
“ალტ-ინფოში” ამის რწმენა მას შემდეგ გაუმტკიცდათ, რაც გააუქმეს მათი პარტია “კონსერვატიული მოძრაობა”. 13 აპრილს გამართულ აქციაზე, მათ ევროკავშირის დროშასთან ერთად “ქართული ოცნების” დროშები და პარტიული სიმბოლიკის გამომხატველი დროშები დაწვეს. ამავე აქციაზე, ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული იდეის” სახელით მიიღებდნენ მონაწილეობას. მალევე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა “ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო.
“ალტ-ინფოს” მხარდამჭერები “ქართული ოცნების” დროშებს, მაისურებს და სხვა სიმბოლიკას წვავდნენ და ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელებში ათავსებდნენ. უშუალოდ რუსულ კანონს კი არ მიიჩნევდნენ მნიშვნელოვან ფაქტორად [რადგან თავად უფრო მკაცრი ვარიანტი მოსწონთ], ამბობდნენ რა, რომ ყველასთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ოცნება დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებდა, დასავლეთი აფინანსებდა. ალტ-ინფო 29 აპრილს “ქართული ოცნების” თბილისის აქციასაც არ შეუერთდა.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მე-3 მოსმენით მიიღო, “ალტ-ინფოს” ლიდერებმა, ზურაბ მახარაძემ და შოთა მარტინენკომ კანონის მხარდამჭერი პოსტები დაწერეს.
“როგორც ჩანს, ყველაფრის მიუხედავად, ოცნებამ გარისკა სრულმასშტაბიანი კონფრონტაცია დასავლეთთან. ოცნების მიმართ რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, დასავლეთის გავლენების და ნაცების წინააღმდეგი ვარ ყველგან და ყოველთვის. ამიტომ რადგან გაბედეს და მიიღეს, ეს გადაწყვეტილება მხარდასაჭერია”, – დაწერა ზურაბ მახარაძემ სოციალურ ქსელში.
“ოცნებამ უცხოეთის აგენტების საწინააღმდეგო კანონი საბოლოდ მიიღო, რაც ლიბერალური დასავლეთის მიმართ დაუმორჩილებლობის და კონფლიქტის მზაობის დემონსტრაციაა. რაც არ უნდა მავნე უაზრობად მიგვაჩნდეს ოცნების რიგი ნაბიჯები, ცალსახაა რომ ამ ახლა ჩვენს თვალწინ ფორმირებულ კონფლიქტში ლიბერალი გლობალისტების და მათი აგენტების წინააღმდეგ ყოფნაა სწორი პოზიცია.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ამ კანონს და იმედი ვიქონიოთ, რომ ოცნება ბოლომდე დაიცავს საკუთარ პოზიციას და ვეტოს სახით რაიმე კომპრომისებზე არ წავა, რადგან კომპრომისებს ახლა ზიანის მეტი უკვე აღარაფრის მოტანა არ შეუძლიათ”, – წერს შოთა მარტინენკო.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, იმავე საღამოს, მახარაძემ და მარტინენკომ “ალტ-ინფოს” სხვა ლიდერებთან ერთად ეს საკითხი განხილეს გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა”. პრორუსული ჯგუფის ლიდერები თანხმდებიან, რომ რუსული კანონის მიღებით “ქართული ოცნება” ცალსახად და ღიად უპირისპირდება დასავლეთს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებენ.
ალტ-ინფო ისევე როგორც საქართველოში მოქმედი სხვა პრორუსული ორგანიზაციები, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა დან ფინანსდებოდნენ, “ოცნების” მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის რეგულირების სფეროში, მათივე განცხადებების მიხედვით, არ მოექცევიან.
ამავე თემაზე:
· „დაფინანსება არ გვაქვს” — როგორ (არ) შეეხება „რუსული კანონი“ პრორუსულ ორგანიზაციებს

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს