2028 წლამდე გადავადდება ნორმა, რომლის მიხედვით, ალკოჰოლური სასმელის ეტიკეტზე „ქართული ბრენდი“ იმ შემთხვევაში შეიძლება მიეთითოს, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგანაა დამზადებული.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმა ძალაში 2024 წლიდან შედიოდა, თუმცა მთავრობამ პარლამენტს მისი 2028 წლამდე გადაწევის ინიციატივით მიმართა.
როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ცვლილება ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საწარმოო პოლიტიკა გონივრულ ვადაში შეცვალონ და საჭირო ღონისძიებები გაატარონ, რათა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება კომპანიებს არამართლზომიერ ტვირთად არ დააწვეთ, რამაც დარგის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრების დაკარგვა და პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვიოს.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში, კლიმატური და სტიქიური მოვლენები, ასევე დარგზე მოქმედი ობიექტური გარემოებები, მათ შორის, ლოგისტიკური მომსახურების, ნედლეულის ფასის ზრდა, კანონში არსებული ნორმასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ზრდის საბოლოო პროდუქტის – ბრენდის თვითღირებულებას, რაც საბოლოო შედეგად ამცირებს ქართული ბრენდის მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
საერთაშორისო ბაზარზე ქართული ბრენდის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ექსპორტის ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის, აუცილებელია ბრენდის მწარმოებელ კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა საქმიანობა მოქმედი წესის შესაბამისად განახორციელონ“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ამჟამად ნებადართულია ეტიკეტზე „ქართული ბრენდი“ მიეთითოს, თუ ბრენდის არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებითაა წარმოებული.
ipn.ge