„ალკანი“ ხაშურში ავეჯის ქარხნის აშენებას გეგმას

ავეჯის საწარმო „ალკანი“ ხაშურში 2017 წელს შეიქმნა. წლების განმავლობაში ვითარდებოდა და იზრდებოდა. ამჟამად საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული, აქვს 2 მაღაზია ხაშურში და 7 საბითუმო მაღაზია საქართველოს რეგიონებში. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ალკანის“ დამფუძნებელი ანა ბეჟანიშვილი ამბობს, ხაშურში დიდი ქარხნის მოწყობას გეგმავს, რაც საწარმოს იმის საშუალებას მისცემს, რომ წარმოება გაფართოვდეს, ხარისხი გაუმჯობესდეს, ახალი შოურუმი მოეწყოს, მომსახურების სეგმენტი გაიზარდოს, თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს და ა.შ.
„ალკანის“ შექმნის, განვითარების და სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტი“ „ალკანის“ დამფუძნებელს ანი ბეჟანიშვილს ესაუბრა.
როდის შეიქმნა „ალკანი“ და როგორ ვითარდებოდა?
ანი ბეჟანიშვილი, „ალკანის“ დამფუძნებელი: „ალკანი“ 2017 წელს ჩამოყალიბდა. თავიდან მხოლოდ ქარხნული, უკრაინული ავეჯის ყიდვა-გაყიდვა გვქონდა. დაახლოებით 2 წლის შემდეგ, მოთხოვნიდან გამომდინარე პატარა საწარმო გავაკეთეთ. თავიდან მცირე ფართობი გვქონდა, დაახლოებით 30 კვადრატი და თანამშრომელთა რაოდენობაც მცირე იყო, ჩემი ჩათვლით, 3-ნი ვიყავით.
ეტაპობრივად გავიზარდეთ, გავბევრდით. ამჟამად, ვაწარმოებთ ყველა სახის ავეჯს, საძინებლებს, სამზარეულოს, მატრასების, ლეიბების, რბილი ავეჯის წარმოებაც დავიწყეთ. მერვე წელია, რაც ჩვენი პროდუქციით ვემსახურებით მომხმარებელს. გვაქვს ასევე საბითუმო მაღაზიებიც. ახლა 750 კვ.მ ფართი გვაქვს და 30 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული.
სად რამდენი მაღაზია გაქვთ?
ხაშურში „ალკანის“ 2 მაღაზია გვაქვს, თითო საბითუმო მაღაზია გვაქვს ქარელსა და კასპში, 3 – ახალციხეში და 2 – ახალქალაქში.
სად იყიდება, რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?
„ალკანის“ პროდუქცია გათვლილი საშუალო სეგმენტზეა, რეგიონის დონეზე, ფასებიც თბილისთან შედარებით დაბალია. მაგალითად – თბილისში, „საბაში“ თუ დივანი 2000 ლარი ღირს, ჩვენთან – 1700 ლარია. თბილისიდანაც გვაქვს შეკვეთები, კვირაში 2-3-ჯერ მიგვაქვს ავეჯი დედაქალაქში.
რა ინვესტიციით მოახერხეთ წარმოების გაფართოება?
ეს ყველაფერი გავაკეთეთ პირადი ინვესტიციით, მაქვს ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები სხვადასხვა ბანკებში. 7 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 500 000 ლარი დაჯდა გაფართოება და წარმოების გაზრდა.
რა გამოწვევები და გეგმები გაქვთ?
მუშახელის და ფართის პრობლემა გვაქვს. ეს სპეციფიკური თემაა. თუ არ ასწავლე ვინმეს, გამორიცხულია, რომ ხაშურში ვინმე ამ საქმის მცოდნე მოვიდეს.
უპირველესი პრობლემა რაც მაქვს და რისი მოგვარებაც მინდა არის ის, რომ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიცემა იაფი კრედიტები და მაქვს ხაშურში ადგილი, სადაც მინდა ავაშენო დიდი ქარხანა, მინდა „ალკანი“ სხვანაირად დავბრენდო, სხვანაირი შოურუმი მოვაწყო, რის შედეგადაც მომსახურების სეგმენტიც გაიზრდება და თანამედროვე სტანდარტები დაინერგება. ამ საკითხზე ვმუშაობ.
ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ ვფიქრობთ, არც ფილიალების დამატებას ვგეგმავთ. გვინდა ადგილობრივი მუშახელის გადამზადება და კადრების მოძიება, რომ ხარისხიანი და კარგი პროდუქცია მივიღოთ. ამას გარდა, გვინდა, რომ მომსახურების სფეროში დავამატოთ ფურნიტურა და მასალების დაჭრა-დაწებოვნება. გრანტის შესახებ გადაწყვეტილება იანვარ-თებერვალში გახდება ცნობილი.