„ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის „რეალთან“ შესანიშნავმა თამაშმა ინგლისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თუ ადრე თვლიდნენ, რომ „ლივერპულში“ ალისონთან კონკურენციაში შანსის გარეშე იყო, ახლა ვითარება შეიცვალა. აი, რას წერს ბრიტანული მედია.
msn: „მამარდაშვილმა ვინისიუსს დუელი მოუგო და განაცხადა, რომ ბრაზილიელმა წაგებული სანაძლეოს გამო 50 ევრო არ გადაუხადა. „ვალენსიას“ შოკისმომგვრელმა გამარჯვებამ „ბარსელონას“ „რეალისგან“ 6 ქულით გაქცევის საშუალება მისცა. ქართველი მეკარე „ლივერპულმა“ აგვისტოში 29 მილიონ ევროდ შეიძინა, ზაფხულში „ენფილდზე“ გადავა და ბევრი ალისონის ხანგრძლივვადიან მემკვიდრედ მიიჩნევს. მისი ყიდვა „წითლებმა“ მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა“.
liverpool.com: „რეალთან“ „ბერნაბეუზე“ მოგებულ მატჩში მამარდაშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა და ისევე დაგვამახსოვრა თავი, როგორც ალისონმა პსჟ-სთან პარიზში, თუმცა ის ჩვენთან მარად არ იქნება, ვინაიდან ნოემბერში 33 წლის გახდება და ადრე „ინტერში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. როგორც ჩანს, კაომინ კელეჰერი „წითლებს“ დატოვებს და № 1 კარის დარაჯის პოზიციისთვის ბრაზილიელი და ქართველი იბრძოლებენ. გულშემატკივრებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, აქ მამარდაშვილი მეორე ვიოლინოს როლის შესასრულებლად არ ჩამოვა. ამის შესახებ მან გასულ თვეში უკვე თქვა.
„მე „ლივერპულის“ პროექტმა მომხიბლა, როდესაც კონტრაქტის გაფორმებისას კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე. სასტარტოში ადგილისთვის იმ შემთხვევაშიც ვიბრძოლებ, თუ ბეკერი გუნდს არ დატოვებს“. გიორგი ალისონზე 8 წლით უმცროსია და ისე გამოიყურება, რომ მისი შეცვლა შეუძლია – ახლავე ან ორი წლის შემდეგ. „რეალთან“ 8-ჯერ მოიგერია ბურთი, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, „ვალენსიამ“ ჩინებული გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას 8 ქულით დასცილდა. მან იგივე თქვა, რაც ალისონმა პსჟ-სთან ნამატჩევს: „შესაძლოა, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო თამაში გახლდათ, მაგრამ სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობას ვაპირებ. სწორედ ამ გზით უნდა ვიარო მუდამ“. ვინის შესრულებული პენალტის მოგერიების გარდა, ლამის ორმეტრიანმა ქართველმა საოცარ ნახტომში ფედერიკო ვალვერდეს გოლი არ გაატანინა.
„რეალთან“ გასვლაზე ასე დიდებულად თამაშისთვის მებრძოლი ხასიათია აუცილებელი, ეს არ აკლია, რაც მის შესახებ წარმოდგენას მხოლოდ აძლიერებს. მწვრთელი არნე სლოტი ყოველთვის ამბობდა, რომ ალისონი პირველია, როდესაც ფორმაშია, თუმცა მამარდაშვილმა შეიძლება სტატუს-კვო შეცვალოს“.
Anfield Watch: „ვალენსიაში“ იჯარით დატოვებულმა მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ მზადაა „ლივერპულს“ პირველი მეკარის რანგში შეუერთდეს. ის მსოფლიო ფეხბურთში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მეკარეა, მაგრამ ჯერჯერობით „ლივერპულს“ ალისონის სახით საუკეთესო ჰყავს. ბრაზილიელთან მისთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ იქნება. ამას ბევრი ვერ მოახერხებს, მაგრამ არაა გამორიცხული, გიორგიმ ეს ამოცანა გადაჭრას. „რეალთან“ თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა, რომ არავისი შიში არ აქვს. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ სადმე იჯარით გაუშვებენ, თუმცა მისი მოქმედებები აჩვენებს, რომ არსადაც არ აპირებს წასვლას. რა თქმა უნდა, საერთოდ არაა შეშფოთებული და ვინაიდან ვინის ასეთი დუელი მოუგო, „ლივერპულში“ უზარმაზარი ნახტომისთვის მზადაა. გუნდს შეუერთდება, სლოტის პირველი არჩევანი და ჯერ უცნობია, მომავალ სეზონში რამდენად წარმატებული იქნება“.
