აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის, ტოფიგ იაგუბლუს მძიმე მდგომარეობა, რომელიც უკვე 38 დღეა შიმშილობს პატიმრობაში, აზერბაიჯანის ოპოზიციის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა, სამოქალაქო სექტორისა და მისი მეგობრების შეშფოთებას იწვევს. ცალკეული პოლიტიკოსები, აქტივისტები, პოეტები, მწერლები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიმართავენ, „გამოიჩინოს კეთილი ნება და გადაარჩინოს მისი სიცოცხლე“.
კოლექტიურ მიმართვაში ნათქვამია, რომ იაგუბლუს მდგომარეობა კრიტიკულია:
„დღეს, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურის — დამოუკიდებლობის მოძრაობის ვეტერანისა და ყარაბაღის ომის მონაწილე ტოფიგ იაგუბლუს სიცოცხლე რეალურ საფრთხეშია. შიმშილობა უკვე გადავიდა ტერმინალურ ფაზაში. ექვსკვირიანმა შიმშილობამ გამოიწვია ფიზიკური და ფსიქოლოგიური გართულებები: უკიდურესი სისუსტე, მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების დარღვევა, კუჭის აუტანელი ტკივილები, გულისრევა, ღებინება და წონის მკვეთრი კლება — ეს ყველაფერი 65 წლის კაცისთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს“.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ „ტოფიგ იაგუბლუს ოჯახს უკვე აქვს გადატანილი ერთი ტრაგედია, როდესაც მისი უმცროსი ქალიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა, ახლა კი უფროსი ქალიშვილი, ნიგიარ იაგუბლუ, ორსულობის ბოლო დღეებში იმყოფება. ოჯახი უკიდურეს შფოთვაშია და შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ახალი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ“.
