ალიევის წარმატებული საგარეო იმიჯი შიდა რეპრესიების ფონზე

ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აქტიურად ურთიერთობს დასავლელ ლიდერებთან, საერთაშორისო ასპარეზზე სტრატეგიულ პარტნიორობაზე აკეთებს აქცენტს და კომპლიმენტებს ცვლის ტრამპთან. პარალელურად, ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ მწვავედ დგას. ქვეყანაში ყოველწლიურად პოლიტმატიმართა რიცხვი იზრდება. სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ხშირად ხდებიან შეზღუდვებისა და რეპრესიების სამიზნე.
აზერბაიჯანის ხელისუფლების საგარეო „დიპლომატიური წარმატებები“ და შიდა რეალობა ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ამ დისბალანსზე, საერთაშორისო ზეწოლის ეფექტიანობაზე და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ნეტგაზეთთან აზერბაიჯანელი ემიგრანტი ჟურნალისტი, ემინ მამედოვი საუბრობს. ის აზერბაიჯანიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, თუმცა აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ, სხვა ბევრი აზერბაიჯანელის მსგავსად, უსაფრთხოების მოტივით, ისიც გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო აქტიურად იმყარებს პოზიციებს – დასავლურ ლიდერებთან თანამშრომლობას უსვამს ხაზს. ასეთ დროს საინტერესოა: რამდენად აისახება ეს ‘დიპლომატიური წარმატებები’ ქვეყნის შიგნით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკაში დადებითი იმიჯის შენების მცდელობა რეალურად ცვლის შიდა ვითარებას?
რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, ადამიანის უფლებების მხრივ ყველაფერი ისევ ცუდად არის და რაიმე დადებითი ტენდენცია არ შეინიშნება. თუ სწორედ რეპრესიებზე და სიტყვის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, ხელისუფლებას ფაქტობრივად გამოუვიდა ის, რისკენაც აშკარად ისწრაფვოდა: ჩამოეშორებინა ყველაზე აქტიური კრიტიკოსები და დანარჩენები დაეშინებინა, რათა ისინი გაჩუმებულიყვნენ ან იატაკქვეშეთში გადასულიყვნენ. სულ რამდენიმე დღის წინ Meydan TV-ის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ჟურნალისტი, ახმედ მუხტარი დააპატიმრეს.
ფოტოჟურნალისტი აჰმედ მუხტარი „Meydan TV-ს საქმესთან“ დაკავშირებით დააკავეს. სასამართლომ აჰმედ მუხტარს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აჰმედ მუხტარი „Meydan TV-ს საქმეზე“ დაკავებული რიგით მე-12 პირია.
ამ ეტაპზე ერთადერთი „დადებითი ტენდენცია“, რასაც აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება (რომლის დიდი ნაწილი ახლა ემიგრაციაშია) ელის, არის ის, რომ ხელისუფლება „დამშვიდდება“ და აღარ გააგრძელებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაპატიმრებას. სულ მცირე იმ მოტივაციით, რომ ეს ადამიანები მათთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.
როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ აზერბაიჯანის ურთიერთობებში დასავლეთთან, მათ შორის -თან, აქცენტი კეთდება „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ და დადებით სიგნალებზე, მაშინ როცა ადამიანის უფლებების დარღვევები პრაქტიკულად არ ხვდება საჯარო დღის წესრიგში? და ზოგადად, რამდენად ეფექტურია საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროსაბჭო, ეუთო, გაერო, ევროკავშირი) განცხადებები ადამიანის უფლებების შესახებ, თუ ორმხრივი პოლიტიკის დონეზე წამყვანი ქვეყნები ამ საკითხებს მეორეხარისხოვნად ტოვებენ?
ყველაზე მარტივი ახსნა ის არის, რომ დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ინტერესები, ვიდრე აზერბაიჯანელი ხალხის უფლებები და ბედი. სანამ ალიევთან თანამშრომლობა დასავლეთისთვის მომგებიანია, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს არის „რეალური პოლიტიკა“ სუფთა სახით.
მეორე მხრივ, დასავლეთის სანქციებმა პუტინის ან, მაგალითად, ლუკაშენკოს მიმართ, ვერანაირად ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა რუსეთში ან ბელარუსში… და მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიმართ მუქარებისა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მაინც უარესდება. ასე რომ, თუნდაც ევროკავშირმა ყველაზე მკაცრი ნაბიჯები გადადგას, არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგს გამოიღებს.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, სასიამოვნოა, მაგრამ ძირითადად უსარგებლო… იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება რაღაც შედეგს იძლეოდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად და „წერტილოვნად“.
როგორ ფიქრობ, რამდენად აძლევს ენერგორესურსები და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა აზერბაიჯანს საშუალებას, მინიმუმამდე დაიყვანოს დასავლეთის ზეწოლა ადამიანის უფლებების საკითხებზე? რატომ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვის თემა დაპატიმრებული “სამშვიდიბო აქტივისტების” მიმართ დღის წესრიგის ნაწილი, მათ შორის ყარაბაღის ომის შემდეგაც?
ჩემთვის რთულია ვიმსჯელო, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის აზერბაიჯანის ენერგორესურსები, მაგრამ ვფიქრობ, მათ მაინც სერიოზული როლი აქვთ. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასია დღეს დასავლეთისთვის როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, და იგი არ მისცემს უფლებას რეგიონი „გადასცეს რუსეთს“. უფრო ადვილია, დახუჭოს თვალი აზერბაიჯანის ან საქართველოს შიდა პრობლემებზე.
საუკეთესო შემთხვევაში, დასავლეთმა და ევროკავშირმა შესაძლოა ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების საკითხებში გარკვეული შერბილება „გამოითხოვოს“ თანამშრომლობის სანაცვლოდ. გულწრფელად რომ ვთქვათ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ესეც უკვე ცუდი არ იქნებოდა.
რაც შეეხება სამშვიდობო დღის წესრიგს, დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნამდვილი მშვიდობის დამყარების არავინ სჯერა… ანუ ხალხებს შორის მშვიდობას ვგულისხმობ. არც ტრამპისთვის და არც სხვებისთვის ასეთი მშვიდობა მნიშვნელოვანი არ არის. მათთვის მთავარია ომის არარსებობა. ისინი არ ჩადიან ისეთ დეტალებში, როგორიცაა, მაგალითად, იმ ადამიანების უფლებების დაცვა, რომლებიც საკუთარი სამშვიდობო პოზიციის გამო დააპატიმრეს ან იდევნებიან… ხელისუფლებისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ხელში ჰქონდეს „პულტი“: ჩართოს და გამორთოს ეს სამშვიდობო განწყობები, როცა საჭიროა, დაარეგულიროს მათი ინტენსივობა და ა.შ.
აზერბაიჯანში სომხეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით დაპატიმრებული, ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბეჰრუზ სამადოვი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას აფორმებს, ისიც უნდა გაათავისუფლონ, რადგან მისი საქმიანობა, რის გამოც დაპატიმრებულია, სწორედ მშვიდობას ემსახურებოდა.
როგორია დღეს სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველი ორგანიზაციების პოტენციალი, ადამიანის უფლებების საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ, სადაც პოლიტიკური ლიდერები ხშირად ცდილობენ გვერდი აუარონ ამ საკითხს?
როგორც უკვე ვთქვი, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა ემიგრაციაშია, ანუ შედარებით უსაფრთხოდ. მათი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე სწორედ ეს არის – ადამიანის უფლებების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანა. ამის შესახებ წერენ, სხვადასხვა პლატფორმაზე საუბრობენ, საჯარო ადვოკატირებით არიან დაკავებულნი. არ ვიცი, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ესეც ხომ რაღაცაა, ყოველშემთხვევაში, სიჩუმეზე უკეთესია. თუმცა ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიას სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით, ევროპის, სამოქალაქო საზოგადოებაც შეუერთდეს. საკუთარი ამომრჩევლების ზეწოლამ პოლიტიკოსებზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს, ვიდრე უსიტყვო პოლიტიკური ემიგრანტების ზეწოლამ.