რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეაქო. მარკოვმა განაცხადა, რომ პუტინს 26 წელია მხარს უჭერს და გადაწყვიტა, “აგენტის” სტატუსი გაასაჩივროს.
მარკოვის უცხოელ აგენტად გამოცხადების მოწოდებით რუსეთში Z ბლოგერები გამოვიდნენ ჯერ კიდევ ივლისში, როდესაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გართულების ფონზე ქალაქ შუშაში ილჰამ ალიევი შეაქო.
როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, შუშის გლობალურ მედიაფორუმში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მზადდება დოკუმენტები საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელების შესატანად AZAL-ის თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რადგან რუსეთმა არ აღიარა დანაშაული და დამნაშავეები არ დასაჯა. იმავე შეხვედრაზე მარკოვმა ალიევი „ბრწყინვალე ინტელექტუალად“ მოიხსენია. „ეჭვგარეშეა, ის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლიდერია. ლიდერი, რომელიც გამარჯვებულ ქვეყანას წარმოადგენს. ბევრი ქვეყანა არაა, რომელმაც სრულად მოიპოვა გამარჯვება ომში, სრულად დაამყარა კონტროლი, გაათავისუფლა ყარაბაღის ტერიტორია (…) ძალიან ბრძენი, მცოდნე და კორექტული ხელმძღვანელი“, – თქვა მარკოვმა ალიევის შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი მარკოვი „მონაწილეობდა უცხოელი აგენტების და რუსეთში არასასურველად აღიარებული ორგანიზაციების მასალებისა და შეტყობინებების გავრცელებაში“.
„გარდა ამისა, მონაწილეობდა როგორც რესპონდენტი საინფორმაციო პლატფორმებზე, რომლებიც უცხოურ მედიას ან უცხოელ აგენტს ეკუთვნოდა. ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი პოლიტიკის შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავად მარკოვმა უცხოელი აგენტების სიაში შეყვანა „ცილისწამებად და შეცდომად“ შეაფასა.
„მე მგონია, რომ ეს რაღაც ცილისწამებაა, რადგან, ჯერ ერთი, მე არ ვარ უცხოელი აგენტი, მეორეც, არანაირი კონტაქტი არ მქონია. ხანდახან შეიძლება… შეცდნენ“, – მის სიტყვებს ციტირებს მედია.
„ბაზა“-ს Telegram-არხის ცნობით, მარკოვი აპირებს უცხოელი აგენტის სტატუსის გასაჩივრებას სასამართლოში.
“კავკაზსკი უზელის” ცნობითვე, სერგეი მარკოვი* ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 2007–2011 წლებში ის „ერთიანი რუსეთის“ სახელით სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახლდათ. დღეს, მოსკოვის დროით 17:41 საათზე, „ერთიანი რუსეთის“ ვებგვერდზე ჯერ კიდევ ნახსენებია მარკოვი, როგორც რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი, ასევე იგი კვლავაც იძებნება რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ვებგვერდზე.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა იუსტიციის სამინისტრომ უცხოელ აგენტად ცნო ადამიანი, რომელიც „ედინაია როსიის” [“ერთიანი რუსეთის“ ] ხელმძღვანელობაში შედიოდა.
