აზერბაიჯანში მძიმე დანაშაულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბლოგერ არზუ საიადოღლუს (მამედოვი) 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ის აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 182.2.4 მუხლით (მუქარით გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) ცნეს დამნაშავედ.
ბრალდების მიხედვით, ბლოგერმა თითქოს 6000 მანათი გამოსძალა თოვუზის რაიონის კულტურის სახლის დირექტორ ასიფ გასიმოვს, რათა არ გაევრცელებინა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ კულტურის მუშაკები ნიზამის სახელობის ფოლკლორის სახლის ეზოს აბდულბეილის სოფელში, ასევე გზებს, და აგროვებენ სარეველებს მინისტრის ჩამოსვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან დაითხოვდნენ.
ინციდენტი 2023 წლის 7 აგვისტოს მოხდა, ხოლო ვიდეოჩანაწერი ორი კვირის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ასიფ გასიმოვმა თითქოს უარი თქვა თანხის გადახდაზე.
ხუთი თვის შემდეგ კი გასიმოვმა საჩივარი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მისი თქმით, სწორედ მაშინ გაიგო მეგობრისგან, რომ აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში ვრცელდებოდა, შემდეგ კი თავადაც ნახა:
„მეგობრებმა და თანამშრომლების ნათესავებმა დაიწყეს ჩემთან დაკავშირება, ამის გამო კულტურის დეპარტამენტში დაკითხვაზე მომიწია მისვლა.“
თავის მხრივ, საიადოღლუ დაკავებას პოლიტიკურ შეკვეთად მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეო პირველად Kanal 13-ზე გამოქვეყნდა:
„ეს ვიდეო მე Kanal 13-დან ავიღე. ამ ადამიანს [გასიმოვთან] არასოდეს შევხვედრივარ, როგორ უნდა მომეთხოვა მისგან 6000 მანათი? იმ დღეს, როდესაც თოვუზში კულტურის მუშაკები ქუჩებს ასუფთავებდნენ, მე თოვუზში არც კი ვიყავი, ბაქოში ვიმყოფებოდი“ ,— განაცხადა საიადოღლუმ სასამართლოში.
ბლოგერის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
არზუ საიადოღლუ, რომელიც YouTube-ზე მთავრობის კრიტიკით იყო ცნობილი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის იანვარში დააკავა. მისი ოჯახის წევრებს მასთან კომუნიკაცია სამი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ.
დაკავებამდე საიადოღლუმ ვიდეოში არა მხოლოდ ხელისუფლება გააკრიტიკა, არამედ მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაჩუმებულიყვნენ და მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაემართათ.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე არზუ საიადოღლუმ ასევე განაცხადა ახალი მოძრაობის „ხალხის სამსახური“ შექმნის შესახებ.




