ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი მსახიობი დაპატიმრების შემდეგ, ფსიქიატრიულში გარდაიცვალა – Meydan.tv

როგორც Meydan.tv წერს, აზერბაიჯანელი მსახიობი აჰმედ აჰმედოვი, რომელიც სოციალურ ქსელებში კრიტიკული ვიდეოებით იყო ცნობილი, პოლიციის მიერ უკანონოდ იყო დაკავებული, ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა და მოგვიანებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა ემიგრანტმა თურალ სადიგლიმ საკუთარ არხზე „Azad Söz“ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის შესახებ ვიდეორგოლის გამოქვეყნების შემდეგ, მსახიობი პოლიციამ ბაქოში, საბაილის რაიონის პოლიციის სამმართველოს 39-ე განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
გამოქვეყნებულ ვიდეოში აჰმედ აჰმედოვი, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახეს ასახიერებს, მისი სახელით აკრიტიკებს მოქმედ პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს:
„ილჰამ, მე ასეთი სახელმწიფო არ დამიტოვებია შენთვის. შვილო, ვერ ხედავ, რომ სახელმწიფო ნგრევის ზღვარზეა? ძლივს დგას ფეხზე, შენ კი ამას ვერ ამჩნევ? მგონია, რომ შენ ამ სახელმწიფოს აღარ მართავ – ის პაშაევებმა [იგულისხმებიან პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას ნათესავები] და ებრაელებმა გაინაწილეს. როცა პრეზიდენტად დაგნიშნე, სევილმა [იგულისხმება ილჰამ ალიევის და] მითხრა: „მამა, რას აკეთებ?“ ახლა ვხვდები, რომ სევილი მართალი იყო“, – ნათქვამია ვიდეოში.
თურალ სადიგლის მტკიცებით, აჰმედ აჰმედოვი პოლიციის განყოფილებაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მოგვიანებით მსახიობი მასთაგის დასახლებაში მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფო №1-ში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. სადიგლი ასევე აცხადებს, რომ სიკვდილი სამედიცინო ჩარევის შედეგად დადგა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა და ჟურნალისტმა ნათიგ ადილოვმაც.
როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფსიქიატრიული საავადმყოფო №1-ისგან ოფიციალური კომენტარის მიღება გარდაცვალების ფაქტთან და გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა.
Meydat.tv-ს შესაბამისად, აზერბაიჯანში არაერთხელ დაფიქსირებულა ოპოზიციონერებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების უსაფუძვლოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსების შემთხვევები. კერძოდ, 2020 წელს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრი აგილ გუმბათოვი იძულებით გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. 2022 წელს საზოგადო მოღვაწე ალი აზერლი, რომელიც ხელისუფლების მიმართ მკაცრი კრიტიკული პუბლიკაციებით იყო ცნობილი, ნასიმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაქოს ქალაქის ფსიქიატრიულ კლინიკურ საავადმყოფო №2-ში გააგზავნეს. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 2023 წელს პოლიტიკურმა აქტივისტმა ზიაფეტ აბასოვამ, რომელიც სოციალურ ქსელებში კრიტიკული გამოსვლებითა და საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდა, პოლიციის მიერ დააკავეს და რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფო №1-ში მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი საბუნჩის საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 24 მაისს გაათავისუფლეს. აბასოვა აცხადებდა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური კრიტიკის გამო მოხდა და რომ მას ფსიქიკური დაავადება არ ჰქონდა.