ალიევის თქმით, “საქართველოს შიდა საკითხები ბრიუსელის ბიუროკრატებმა არ უნდა გადაწყვიტონ”

საერთაშორისო ფორუმზე სახელწოდებით “მსოფლიოს ახალი დღის წესრიგისკენ”, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოზეც ისაუბრა. კონფერენციიდან ალიევის გამოსვლის ქართული თარგმანი საქართველოს კონტექსტში პირველმა არხმა გაავრცელა.
ალიევის თქმით, საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელში.
“ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა. ამიტომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. როგორც უკვე განვიხილეთ წინა კითხვებზე, შევხედოთ სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობებს კავშირების დასამყარებლად ყოველგვარი ფასილიტაციის გარეშე. დავიღალეთ ამ ფასილიტატორებით. ჩვენ გვყავდა ეს ფასილიტატორები 28 წლის განმავლობაში, ეუთო-ს ეს ყბადაღებული მინსკის ჯგუფი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ოკუპაციის დალუქვა და ყარაბაღის სომხეთისთვის გადაცემა. ახლა კი, როდესაც გვესმის ვინმეს შესახებ, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს, ჩვენ ცოტათი შეშფოთებული ვართ. ასე რომ, მოდით, ეს თავად გავაკეთოთ.
ჩვენ აქ ვცხოვრობთ რეგიონში. ჩვენ, როგორც აზერბაიჯანს, გვინდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროკომისიასთან, მაგრამ არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე, არა მათი მუდმივი მცდელობის ხარჯზე, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, დააფინანსონ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ტვინი გამოურეცხონ ჩვენს ახალგაზრდობას და ტვინი მოუწამლონ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს რეგიონში. სწორედ ასე გვსურს, დავინახოთ სამხრეთ კავკასია. როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა აიღონ თანამშრომლობის მთავარი ტვირთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სომხეთს, როდესაც და თუ დათანხმდება კონსტიტუციის შეცვლას აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მიმართ, შეუძლია, შეუერთდეს პროცესს და შეგვიძლია ვიფიქროთ მომავალ გრძელვადიან, პროგნოზირებად ვითარებაზე ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.