ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი პაველ მურავეიკა დანიშნა. საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ამ დანიშვნას ლუკაშენკამ ხელი 23 მაისს მოაწერა და იმავე დღეს თავის რეზიდენციაში უმასპინძლა გენერალური შტაბის ახალ უფროსს, რომელთან საუბარშიც ბელარუსის არმიის წინაშე მდგარი ამოცანების გარდა, ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა.
„ესეც გაკვეთილია ჩვენთვის. სერიოზული გაკვეთილი. ჩვენ უნდა დავინახოთ, თუ როგორია თანამედროვე ომი… ჩვენ უკვე გავაკეთეთ გარკვეული დასკვნები საკუთარი თავისთვის. გავიგეთ, თუ რას ნიშნავს ნაღმები და ნაღმების ომი. ის, რისი განადგურებაც ოდესღაც დასავლეთის მითითებით გვინდოდა და რაც, მადლობა ღმერთს, რომ შევინარჩუნეთ“, – განაცხადა ლუკაშენკამ.
ბელარუსში გენშტაბის უფროსის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ვიქტორ გურევიჩი ასაკის გამო დაითხოვა თანამდებობიდან.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, პაველ მურავეიკა გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე დანიშვნამდე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. იგი პროფესიონალი სამხედროა. სხვადასხვა დროს დამთავრებული აქვს მინსკის სამხედრო და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემიები.
2023 წლის 18 დეკემბერს მურავეიკა ევროკავშირმა შეიყვანა იმ პირთა სიაში, რომლებზეც სანქციებია დაწესებული უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობისათვის.