ალექს ჯაყელი: მივმართავ თეატრებს, რომლებიც დუმილის რეჟიმში არიან… გამოაცხადეთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა

„მივმართავ თეატრებს, რომლებიც დუმილის რეჟიმში არიან, _ თქვენ ვის ემსახურებით? ჩეკისტ წულუკიანს! კორუმპირებულ მოძალადე მთავრობას! ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 3 მილიარდი დაახარჯა სამშობლოს და 6 მილიარდი ამოიღო! ახლა გეორგიევსკის ტრაქტატს გტენით! პუტინის ცოლებს, დედებს, შვილებს რომ გაგიბახებთ, ისე როგორც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მერე გვიანი იქნება! გამოაცხადეთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა“, _ ასე ეხმაურება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი, ალექსანდრე ჯაყელი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თავის კოლეგებს სრული დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

„ქრონიკა+“-თან რეჟისორი ამბობს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია და იმისთვის, რათა რუსული რეჟიმი საქართველოში დაინგრეს, საჭიროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირადი ამბიციები გვერდით გადადოს და საქართველოსთვის გაერთიანდეს.

_ ბატონო ალექს, უკვე წლებია, რაც საფრანგეთში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ, თუმცა თქვენთვის უცხო არ არის საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რადგან ყოველდღიურად ხართ ჩართული ამბებში. საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევით და თამამად საუბრობთ ყველაფერზე. როგორც ემიგრანტი, ხელოვანი, რეჟისორი და რიგითი მოქალაქე რას ფიქრობთ დღეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ: მამაჩემი გარდაიცვალა 2000 წელს. ის გამოცდილი ადამიანი იყო. საქართველო დატოვა 1929-ში. იმის შემდეგ იყო უცხოეთში, გადაიტანა აჯანყება და სამჯერ გამოიცვალა ცხოვრება, ქვეყანა და ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში. მე როდესაც გავხდი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შევჩივლე მამაჩემს, რომ ადამიანებს კიდევ სტალინი უყვართ-მეთქი. მამაჩემმა მითხრა, რომ ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაგრამ ის, ვისაც სტალინი უყვარს, თავისი ქვეყნის პატრიოტია, ის ისეთ ქვეყანაში დაიბადა, საბჭოთა კავშირში, რომ არ იცის ისტორია და ამით მოაქვს თავი და ეს ჰგონია პატრიოტობა. რადგან სტალინი ქართველი იყო, მაგიტომ ხდებოდა ეს. უვიცობისგან მოსდიოდათ ეს ყველაფერი. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ დღესდღეობით რომ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, ცალსახად არის მოღალატეობრივი პოზიცია. თუ მოგწონს, ე. ი. რაღაც აიღე მათგან, ხელისუფლებისგან. ეს არის ძალიან ცალსახა. 1998-ში მამაჩემი დაბრუნდა საფრანგეთში, ის კიბოთი იყო დაავადებული და 2 წელი საფრანგეთში იყო. მამაჩემმა ივანიშვილზე მითხრა, რომ არ დაიჯეროთ მაგ კაცის მეცენატობაო. ადამიანმა, რომელმაც ფული იშოვა რუსეთში, ელცინის ეპოქაში, არ შეიძლება იყოს მეცენატიო. ის არის ანაკონდაო. ეს თქვა ჯერ კიდევ მაშინ. მე რას ვამბობ, იცით? რომ ქართველებმა ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, _ დავსვათ სწორად წერტილები და ადეკვატურად გავაკეთოთ ანალიზი. არ შეიძლება, ყველა მოვნათლოთ გმირად და ყველას ვარსკვლავები გავუხსნათ, რადგან გმირი საქართველოში იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ამბროსი ხელაია, ილია ჭავჭავაძე. ზვიად გამსახურდია გმირი არ ყოფილა. ის იყო პირველი პრეზიდენტი და მორჩა, წერტილი. ზვიადმა გახლიჩა ერი და დააპირისპირა, რატომ და რანაირად, ეს სხვა საქმეა. არც სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც რაღაც ახალი სახელმწიფო შექმნა. პირიქით, ივანიშვილმა ის გააცურა, მოატყუა. დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი მისი მოტანილია. მაგრამ რაღაცები გააკეთა, ისევე როგორც შევარდნაძემ გააკეთა რაღაცები, ისევე როგორც ზვიადმა, არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ მოდით, რა, გმირსა და ნოვატორს ნუ დავუძახებთ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დღეს არის ორი მხარე: ან სამშობლო ან ღალატი. სხვა მხარე არ არის.

_ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი მეცენატობით გაითქვა სახელი. მავანი დღემდე გვაყვედრის სამების ტაძრის აშენებას, მსახიობების ნაწილს სწორედ ის უხდის ყოველთვიურ ხელფასს, რითაც, ფაქტობრივად, გამოჭერილი ჰყავს ისინი…

_ ნაყიდი ჰყავს ხალხი. სერიოზული ხალხი ჰყავს ნაყიდი. ვერ იყიდა და ვერც იყიდდა. ოთარ იოსელიანმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში თქვა, მულტიმილიონერი, გაუნათლებელი, რომელსაც იდეები აწუხებსო. ოთარ იოსელიანის ქელეხში იცით, რამდენი კაცი იყო? _ 8 კაცი. ბუმბერაზი ადამიანი დაკარგა ერმა! მაგრამ კარგი, მაგაზე არ არის ახლა საუბარი.

_ დღევანდელ სიტუაციას რომ დავუბრუნდეთ…

_ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, სისხლით დასრულდება, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობა, გენიალური თაობაა და ესენი ასე მარტივად არაფერს შეეგუებიან. ესენი სისხლს დაღვრიან. ამ ყველაფრის უკან დგას დიდი ფული, ძალიან დიდი ფული. თავის ფულს ხომ უფრთხილდება, რადგან ვალდებულებები აქვს პუტინის წინაშე, არ შეასრულებს და თავს მოაჭრის, ამიტომ მის კარგ მდგომარეობას ანაცვალებს სამშობლოს. გარდა ამ ყველაფრისა, საქართველო უნდათ გადააქციონ ფულის სამრეცხაო ოთახად. ესენი ახლა ხალხს მოატყუებენ, ეტყვიან, რომ იცით, ძია პუტინი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გვიბრუნებსო, ჩვენ კონფედერაციას შევქმნითო, ოღონდ სანამ კონფედერაციას შევქმნით, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და კონფედერაციას რომ შექმნი, მეორე დღესვე შეგიძლია თქვა, რომ აღარ მინდა კონფედერაცია და შენ თუ აღიარებული გაქვს ამათი დამოუკიდებლობა, დამთავრებული საქმეა. ივანიშვილი კიდევ უარესს გაუკეთებს საქართველოს, ვიდრე სტალინმა გაუკეთა, როდესაც შექმნა ავტონომიური ოლქები და რესპუბლიკები საქართველოში, ისევე როგორც ში, მოლდოვაში და დაანაწევრა ეს ქვეყნები. დაანაწევრე და კარგად იმეფებ, ეს პრინციპი აქვს ივანიშვილს. ეს მართლა ანაკონდაა. ესენი უკან დამხევები არ არიან. ჩვენ მიბმული ვართ და უკრაინამ ომი უნდა მოიგოს, სხვა გამოსავალი არ არის. ფიზიკურად ვემზადები, რომ თუ ასეთ კონფლიქტამდე მივიდა საქმე, გენიალური იქნება, რომ არჩევნებზე დალაგდეს და გადავირჩიოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ ნუ ვიოცნებებთ ამაზე, ყველა გამოვა და საქართველო გახდება მეომარი ქვეყანა. დღეს საფრანგეთში 10-დან 9 გეტყვის, რომ ეს არის სტალინისა და ჰიტლერის ჰიბრიდი.

_ „ოცნებაც“ სწორედ ამით მანიპულირებს და ამბობს: „ომი გინდათ“?.. ბუნებრივია, რომ ხალხს ეშინია და არ სურს ომი…

_ სწორედ ეს არის მთავარი: რადგან უკრაინაში მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცეს რუსებმა, ამათმა თქვან, _ კარგი, არ გვინდა ომი და ასე ეშინოდეთ, თითქოს აქაც ომის საშიშროებაა.

_ საქართველო არ არის მზად ომისთვის, არ გააჩნია რესურსი, ტექნიკა და ბევრი სხვა რამ. ამ რეალობის გათვალისწინებით, გამოსავალს სად ხედავთ?

_ არის ეგ აზრიც, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ გახლავთ კიდევ ერთი ვარიანტი, რომ პოლიცია და ჯარი გადმოვიდეს ხალხის მხარეს, აქ ესენი ომსაც ვეღარ დაიწყებენ, გაიქცევიან. გემი რომ იძირება, ვირთხები გარბიან. გეუბნებით, რომ ვემზადები, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ახლა ყოფნა-არყოფნის წინაშე ვდგავართ.

_ მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დადო კანონს, რომელსაც, სავარაუდოდ, პარლამენტი დაძლევს. კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ ასევე ჩვენი ევროპელი მეგობრები. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეშინია ხელისუფლებას და, მით უფრო, ივანიშვილს ამ სანქციების?

_ ესენი უკვე შეშინებული არიან, მაგრამ ამათ უამრავი ცოდვა აქვთ ჩადენილი, ნაყიდი არიან, ესენი სულ შიშში და უბედურებაში ცხოვრობენ, ამათ არჩევანი აღარ დარჩათ. ახლა ამათ იმის იმედი აქვთ, რომ ამერიკაში იქნებ ტრამპი მოვიდეს, ირანთან აქვთ ურთიერთობა, არის ჩინეთი და საქართველო გახდება გაუგებარი ქვეყანა, ისეთი, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, ბელარუსიც კი ვერ იქნება, მაგაზე უარესი იქნება, თუ ამათმა სადავეები აიღეს ხელში. ეს 84 დეპუტატი და ის ხალხი, ვინც ამ კანონს ემხრობა, ყველანი გაყიდულები არიან.  შეშინებულები სხედან, მაგრამ გაყიდულები არიან, ვეღარაფერს მოიმოქმედებენ. ასეთ ხალხში, ანუ გაყიდულებში, არიან, მაგალითად, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, _ ასეთი სერიოზული ხალხია გაყიდულებში, რომლებსაც რაღაც შეეძლოთ.

გაყიდულობაზე ვსაუბრობდით და კიდევ ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იქმნება და ეკლესია ამ ამბავში ძალიან ცუდ როლს თამაშობს. ეკლესიამ ხელი შეუშალა საქართველოს წინსვლას და განვითარებას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ათეისტი ვარ, არა, არ ვარ ათეისტი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეკლესიაც გაყიდულია და ეკლესიაშიც სერიოზული პირები ჰყავს ნაყიდი. ეკლესიას მითვისებული აქვს ბევრი ქონება, ამიტომ ეკლესია ცუდ როლს თამაშობს, თუ არ ჩავთვლით ერთეულებს. მაგალითად, 9 აპრილის მონაწილე ვარ და მაგ დროს დაიღუპა თათია დოლიძე, რომელიც ჩემი მეუღლის დეიდაშვილი იყო. პირდაპირ ცენტრში ვიყავი, ხოცვა-ჟლეტა რომ მიმდინარეობდა, პატრიარქი რომ მოვიდა, საშიშროებააო. 9 აპრილის მერე საერთოდ ავიყარე გული, იმიტომ რომ ვერ გავიგე, რატომ წავიდა ილია მეორე? თუ იყო საშიშროება და უნდა დაღუპულიყო ხალხი, რატომ წავიდა? რატომ არ დარჩა იქ, სადაც ხალხი უნდა მომკვდარიყო? თუ ხარ უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი რატომ გავიდა? დაცვამ რატომ წაიყვანა? რატომ არ დარჩა ის ხალხთან? ჩემთვის ის არ არის რაღაც ღმერთი, როგორც ბევრი ამას აღიარებს. მოვრჩეთ ამით. ყველა რელიგიას ვცეთ პატივი, ღმერთი ერთია და მისასვლელი გზა არის ბევრი, ეს უნდა გაიგოს ხალხმა, არ შეიძლება, ასე თალიბანურ სიბნელეში ცხოვრება.

კი, ბევრნი ვართ, ვისაც ევროპაში ცხოვრება გვინდა, მაგრამ ძალა გვაქვს მარტო მორალური. ხელისუფლებას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, რომ მოძალადეები მოიზიდოს. მე არ ვიცი, რა მოხდება. ვდგამ სპექტაკლს „გოდოს მოლოდინში“, რომელიც ასე იწყება: შავი ყუთია, ტრაპი აქვს და რაღაცნაირად კიდობანს ჰგავს. საშინელი ქარბუქია, კიდობნიდან ამოდიან პერსონაჟები და ამბობენ, ღმერთო, გვიშველეო! უცებ ჩერდება ეს ყველაფერი და ისმის ჩიტების ჭიკჭიკი, გადმოდიან პერსონაჟები კიდობნიდან და ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ უიმე, ნახე, მრგვალი ყოფილა დედამიწაო. მაყურებელი ხვდება, რომ სამყაროზეა, დედამიწაზეა საუბარი. ეს 6 კაცი დარჩა და ამბობს, რომ ჩვენ აგვირჩია ღმერთმა, ღმერთი აქ მოვა და უნდა ვნახოთ, დაველოდოთო. იწყება გოდოს დიალოგი. ერთი გოგო არის ქართველი, 20 წლის, რომელიც აქ ვიპოვე, საფრანგეთშია დაბადებული და ქართულს ძალიან კარგად ცეკვავს. ჩავსვი ქართული ცეკვა და გამოდის შუაში და ეშმაკუნასავით ცეკვავს. მოკლედ, ელოდებიან ღმერთს და ვიღაც მოდის, ღმერთის ხმით ეუბნება, რომ როდესაც სექსუალური აქტი გაქვთ, თუ პრეზერვატივს იხმართ, ეს ცოდვააო. ერთი ამბობს, არა, კაცო, ეს არ არის ღმერთი, ეს ჟან პოლ მეორეაო, მერე კიდევ ვიღაც მოდის, ესეც არაა ღმერთი, ეს ტიბეტელი ვიღაც არისო, საათ-ნახევარი ამას გაიძახიან და ბოლოს ერთი ამბობს, რომ ეს ღმერთი მითიაო და იწყებენ კამათს. უცებ ისევ ამოვარდა ქარბუქი, ესენი გადმოვარდებიან სცენიდან და იხურება ფარდა. სინათლე ინთება დარბაზში და მსახიობები ამბობენ, ღმერთმა გამოგვაგდო თეატრიდანო, ჩამოდის ნაჭერი და ეუბნება, ღმერთი არ არსებობს, ღმერთი შენ ხარ, ხელოვნება არ არსებობს, ხელოვნება შენ ხარ და მთავრდება სპექტაკლი.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, როგორ არ არსებობს ღმერთიო?! ჰო, ღმერთი ჩვენშია. მე დავიკელი 174 კილო, თუ ადამიანში ტრანსცენდენტური სიგიჟე არ არის, ამას ვერ გააკეთებს. ღმერთი არის ადამიანში ჩადებული, სულს რასაც ვეძახით, რომელიც უკვდავია. ხომ არ შეიძლება, სისულეები ვიძახოთ, რომ ევროპა გვრყვნის. აქ ჩემს ქუჩაზე ორი ქალი ერთად ცხოვრობს, ერთმანეთი უყვართ და არიან. მე პირადად არ ვემხრობი ასეთ ქორწინებას, მაგრამ ხომ არ უნდა უარვყო ისინი? რაც უფრო აკრძალავ რაღაცას, ის უარესად მოგიტრიალდება. მამათმავლობა მეოცე საუკუნეში კი არ გაჩნდა,  ეს დასაბამიდან მოდის. მათი დევნა არის ფაშისტური და საშინელი რაღაც. და ეს ები, წულუკიანები, გამოყვანილები სადღაციდან, ამ ყველაფერზე ხმას არ იღებენ. მახსოვს, როდესაც წულკიანი იყო ოპოზიციაში, რაღაც ჭკვიანურს ლაპარაკობდა ხოლმე და ახლა კოშმარს დაემსგავსა, მკვდარი კაცის სახეს აქვს. ძალიან კარგია „დორიან გრეის პორტრეტი“, ცუდ რაღაცებს რომ სჩადის და ნელ-ნელა რომ დეგრადირდება პორტრეტი, ეს ემართებათ ამათ. შავი ჭირი მოდის პუტინიდან და მერე ივანიშვილი არის მაგის მოციქული. მას, სამწუხაროდ, ახლა ქვეყანა უჭირავს ხელში.

_ მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს დუმილი დანაშაულია. ძალიან ბევრი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი თუ სხვა ხელოვანი ადამიანი გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და თავიანთ მოსაზრებას ხმამაღლა აფიქსირებენ. რას ეტყვით თქვენ როგორც რეჟისორი და ხელოვანი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად არიან, ვგულისხმობ თქვენს კოლეგებს?

_ პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ნამდვილად საოცარი ფაქტი მოხდა, რომ გადადგა საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი. ძალიან მაგარი საქციელი ჩაიდინა. იგი სახელმწიფო პირია და ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ფაქტი. მე რომ ბევრს ვსაუბრობ, ეს შეიძლება ზღვაში წვეთია, მან კი აგური დადო თავისი გადადგომით., მაგრამ, სამწუხაროდ, ის ერთადერთი დიპლომატია, რომელიც გადადგა. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ თეატრალური უნივერსიტეტის, კონსერვატორიის თუ სხვა უნივერსიტეტის რექტორები უნდა გადადგნენ. თავის დროზე დავწერე, რომ რა დროს სპექტაკლების დადგმაა, როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდება? ჩემს კოლეგებს მოვუწოდებდი, გაფიცვა გამოეცხადებინათ, წულუკიანს გამოუცხადეთ გაფიცვა-მეთქი. ეს ხალხი რატომაა ჩუმად, ნამდვილად გაუგებარია ჩემთვის, რატომ დუმს საზოგადოება, 3000 ლარის გამო? და სამშობლო?

გორის თეატრი ხელმძღვანელი ვიყავი 10 წელი, შევარდნაძის დროს და მაშინ შიმშილობა მოვუწყვე მაგათ. „კაგებეში“ დაბარებები და სერიოზული პრობლემები გადავიტანე. შემდეგ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და 2005 წელს ჩამოვედი. ამ დროსაც ვთქვი სიმართლე და მანდაც დაიწყეს ბორბლებში ჯოხის შეტენვა. მე არ მეშინოდა, არაფერი მქონდა დასაკარგი. ამათ რა აქვთ დასაკარგი სამშობლოს გარდა სხვა? გამოფხიზლდით, ხალხო, გამოდით, ყველამ რაღაცა თქვით.

რამდენჯერაც დავწერე პოსტი, მითხრეს, რომ შენ რა გიჭირს, მანდედან რომ ლაპარაკობ, თბილად ხარო. ჯერ ერთი, მე არ ვარ თბილად, 40-მდე ქართველი ჩამოვიყვანე, ხელფასი გადავუხადე და გავაკეთე ქართული სპექტაკლები. ვიომე კიდეც და თუ გინდა, არაფერი მქონდეს გაკეთებული, ქართველი ვარ და გული შემტკივა იმაზე, რომ უნდა დამიმონონ. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ დღეს ვინმეს ამ ხელისუფლების სჯერა. როგორი დემაგოგები არიან, როგორ გამოჰყავთ ეს ყველაფერი. 24 საათი ჩართული მაქვს ეს სინფორმაციოები, სხვადასხვა არხი და მინდა მივმართო ყველას თქვენი საშუალებით: ერთადერთი ჭკვიანური რაღაც თქვა ამ დღეებში სააკაშვილმა, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს. რა დროს პროგრამებით წარმოდგენაა, ნუ იქნება ნომერი. მე არ ვეთანხმები ხაზარაძეს, რომ ის არ უნდა შემოვიდეს გაერთიანებაში. ყველამ უნდა გადადოს პირადი ამბიციები და გაერთიანდეს „ოცნების“ წინააღმდეგ, თუ გინდათ, რომ რაღაცას მიაღწიოთ. როგორც სტალინი აღარ მოვა და ვერ გაცოცხლდება, ისე აღარ მოვა საქართველოში ასეთი რეჟიმები. ახლა საჭიროა გამოფხიზლება და ერთად დგომა.

_ კოალიციურ მთავრობაში ხედავთ გამოსავალს?

_ რა თქმა უნდა. გახარიები იქნებიან ესენი თუ ხაზარაძეები, ყველამ უნდა გადადოს თავისი პირადი ამბიციები. გაერთიანებაა საჭირო და თუ არ გაერთიანდებიან, ე. ი. რაღაც პრობლემაა.

წყარო