პოეტი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე:
თუ პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილის გირაოთი გათავისუფლება შეიძლებოდა, რატომ დარჩა პატიმრობაში ია დარახველიძე? რატომ არ გაათავისუფლეს ზურაბ ჭავჭანიძე? ლაშა ივანიძე? გენადი კუპრეიშვილი, რომელიც დედის საპენსიო სესხს ფარავს და სოციალურად დაუცველ დასა და დისშვილებს პატრონობს? ეს ადამიანები ხომ ერთ საქმეზე დააკავეთ.
რა საჭირო იყო მთელი ეს სპექტაკლი? დაიბარეთ პოლიციაში და არ მოვიდნენ? მიმალვის საფრთხე იყო? 71 წლის პედიატრს, ორი ჯან-ღონით სავსე პოლიციელი ვერ მიაცილებლდა გამოკითხვაზე? რატომ გახდა აუცილებელი სპეცოპერაცია?
როცა საქმის მთავარი, საიდუმლო ჩანაწერის ფიგურანტი გამოკითხვაზე დაიბარეთ და მალევე გაუშვით. ყალბი ხომ არ აღმოჩდა ეგ ჩანაწერი? თუ ყალბი აღმოჩნდა რატომ არ ჩააყენეთ საზოგადოება საქმის კურსში. თუ თქვენივე შექმნილია და თავის საქმე უკვე შეასრულა.
რატომ არ იცავთ მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსთაველზე? რატომ აღვივებთ ზიზღს და სიძულვილს? შეიძლება დარწმუნებულები ხართ, რომ უკვე ისეთ ფაზაში გადახვედით, სადაც ლოგიკა აღარაა საჭირო, სადაც ტყუილი გახდა სიმართლე და ყველაფერი თავდაყირა დგას.
მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ თქვენს მომხრეებშიც, თანაგრძნობასთან ერთად, ძალიან ღრმად, ლოგიკაც არის მიძინებული. სინამდვილეში ხვდებიან მთელ ამ ფარსს და მავნებლობას, რაშიც სახელმწიფოს რესურსს ხარჯავთ. იმ რესურსს, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში არ იარსებებდა თუნდაც ისეთი ანომალია, როგორიც საპენსიო და დევნილის სესხია.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს პენსიონერებზე მორგებული საბანკო პროდუქტები, მაგრამ საქართველოს მსგავსი სისტემა, სადაც საბაზისო საჭიროებებისთვის, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით მასიურად (300 000 მეტ პენსიონრს აქვს სესხი) გასცემენ სესხს, ვერსად შეხვდებით. არ არსებობს ასეთი რამე. რა გამოდის? ყველაზე მდიდარი ძარცვავს ყველაზე ღარიბს და ამას ეძახის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას?