პოეტი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე:
“გთხოვთ, წესიერად ილაპარაკეთ ქალბატონო” – ასე მიმართავს 20 წლის ბიჭი ქართული ოცნების მხარდამჭერს. რიგით მხარდამჭერს კი არა, ოცნებაში ათქვეფილ ადამიანს, მეხოტბეს, პროპაგანდისტს.
ქალი იგინება უკანასკნელი სიტყვებით. თავს ესხმის სუპერმარკეტის 20 წლის თანამშრომელს, ვისაც მიზერულ ხელფასზე ღამეების თენება უწევს. შემდეგ ურეკავს უბნის ბიჭებს. ისინიც მოდიან. მაღაზიის თანამშრომელს ყელში სწვდებიან, გარეთ მიათრევენ და სასტიკად უსწორდებიან.
“ჯეკო, აი, ესეც შემეხო' – ისმის ქართული ოცნების მხარდამჭერის მოწოდება, რომ ბარემ ესეც დაჩაგრეთ, ესეც ცემეთ, ესეც მოკალით.
ქართული ოცნების მხარდამჭერი იქცევა ზუსტად ისე, როგორც მისი სათაყვანო პარტია და ხელისუფლება. გამოძიების შემთხვევაში აღმოჩნდებოდა, რომ ეს მოძალადეები ის ნიღბიანები არიან, ვინც ოცნებამ დაიქირავა, სახლებთან რომ ხვდებოდნენ (და ხვდებიან), კისერს უგრეხდნენენ, თავზე ხტუნავდნენ და ამის გამო კი არ დასჯილან, პირიქით, თბილისის მილიონერი მერის საარჩევნო ოფისში შეიპატიჟეს, რომ გოგოებს, ქალებს დასხმოდნენ თავს, რადგან პრემიერ-მინისტრმა ნულოვანი თანაგრძნობა გამოაცხადა.
რომ არა ამ კონკრეტული ქოცის გაყოყოჩების ფაქტი და შსს-ს მინისტრის უდიერად მოხსენიება, ვერაფერს გავიგებდით. ან თუ გავიგებდით, ამ დანაშაულსაც მოჰყვებოდა გირაო და თავზე ხელის გადასმა. ვინ იცის, შეიძლება ახლაც გირაო გამოიყენონ. წარმოვიდგინოთ რამდენი ასეთი შემთხვევა მოხდა, რის შესახებაც არ გაგვიგია, რაც დაგვიმალეს, იმიტომ რომ ერთადერთი ინდულგენცია დღევანდელ საქართველოში არა ასაკი, არა სქესი, არა განათლება, არამედ – ქოცობაა.
სამაგიეროდ, პაატა შამუგიას პროცესია სასამართლოში. შემდეგ გოტა ჭანტურიას სასამართლო იწყება. აი, ნინია კაკაბაძის პროცესი კი გადადებულა.
p.s. აქვე როგორც ტიციან ტაბიძე იტყოდა, ოყნა სჭირდება ყველა იმ პოეტს, ვისაც პაატა შამუგიამ რუსთაველი გადაუკეტა.




