ალექსი პეტრიაშვილს 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პოლიტიკოსი, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა, 2025 წლის 17 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით.
პროცესზე დაიკითხა სამართალდამრღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელი შალვა კოპაძე, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეები თვითნებურად გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე იმ დროს, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა.
ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატი სანდრო ბარამიძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა მოწმე პოლიციელი შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს. მას კითხვა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გააწყვეტინა და თქვა:
“სასამართლო იკვლევს ფაქტებს და არა მოწმის კომპეტენტურობას”.
სანდრო ბარამიძე: “ანუ იმ ადამიანის კომპეტენტურობას, რომელიც ოქმს ადგენს, არ იკვლევთ?”
ზვიად ცეკვავა: “ჩვენ ვიკვლევთ რამდენად სწორად შეაფასა ფაქტები და არა კომპეტენტურობას.”
ამის შემდეგ ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, რადგან მიიჩნია, რომ ის მიკერძოებულია.
“თქვენ არ მაძლევთ უფლებას, გამოვიკვლიო პოლიციელი, რომელიც ადგენს სამართალდარღვევათა ოქმს, საერთოდ ერკვევა თუ არა შეკრებისა და გამოხატვის კანონის მუხლებში”, – თქვა ბარამიძემ.
მოსამართლემ აცილება არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ამასთან, დაამატა, რომ “სხდომაზე იკვლევენ კადრებს და არა იმას, როგორი მოსწრება ჰქონდა მოწმეს უნივერსიტეტში, მაგალითად”.
პეტრიაშვილის სამართალდარღვევის დასადასტურებლად -მ მოსამართლეს სამი ნახევარსაათიანი ვიდეო წარუდგინა.
“20 საათის შემდეგ იწყება ხოლმე თვითნებური ფაზა, როცა აქციის მონაწილეები ხელოვნურად გადადიან საავტომობილო გზაზე. მათ შორის იყო ალექსი პეტრიაშვილი”, – თქვა შსს-ს იურისტმა.
პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ რუსთაველზე 20:00-ზე მივიდა, მას შემდეგ, რაც გზა გადაიკეტა, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე თავადაც გადავიდა.
“მე არ ვარ ინიციატორი. სავარაუდო კანონდარღვევით ქმედებისას და ყოველთვის ვადევნებ თვალს, როგორია პოლიციის რეაგირება იმ შემთხვევაშიც კი, როცა გვაგინებენ და გვლანძღავენ. ამ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ პოლიცია არეგულირებდა სიტუაციას. იქ არავის უთქვამს, რომ გზა არ გადაგვეკეტა და რეაგირება არ მოუხდენია. პოლიცია თანამონაწილეობდა გზის მშვიდობიან გადაკეტვაში”, – თქვა ალექსი პეტრიაშვილმა.
შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პოლიციას აქციის მონაწილეების გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონია.
“მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ინიციატორი და ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. ბატონი ალექსი გადაჰყვა იმ პირებს, ვინც დაიწყო გზის გადაკეტვა. პოლიციას არ მოუწოდებია. მოწოდების შემთხვევაში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა იქნებოდა ახლა სადავო. აბსურდია, რომ პოლიცია ბლოკირებას ხელს უწყობდა, სამართალდამცველები ვალდებულები არიან, დაარეგულირონ მოძრაობა, რომელიც შეფერხდა გზის გადაკეტვის გამო”.
არც ამ სხდომაზე უთქვამს შსს-ს, რამდენი ადამიანია საკმარისი რუსთაველის გადასაკეტად. “მარჯვნივ-მარცხნივ გახედვაც საკმარისია”, – ეს იყო პასუხი.
სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ, ალექსი პეტრიაშვილმა თქვა: „ეს იყო ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ცირკი, რომელშიც მონაწილეობას ცირკის მსახიობები იღებდნენ“.
72-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის – 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.